„ეს შეიძლება, სიგნალი იყოს ჩვენთვის“ - რას ნიშნავს მოსკოვის ბირჟის დასანქცირება საქართველოსთვის

მოსკოვის ბირჟამ ევრო/დოლარში ვაჭრობა შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მ მოსკოვის ბირჟა დაასანქცირა.

რუსეთის ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროთი ვაჭრობა ამერიკული სანქციების შემოღების შემდეგ შეწყდა, რადგან ამ სანქციებს ევროკავშირის ქვეყნებიც იცავენ. რაც შეეხება დოლარს, ბანკი ჰონგ-კონგის დოლართან ვაჭრობის შეჩერების გადაწყვეტილებას რისკების შემცირებას უკავშირებს.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მოსკოვის ბირჟის დასანქცირებას და ევრო/დოლარში ვაჭრობის შეჩერებას საქართველოზე, ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ პირდაპირი ვერ ექნება, რადგან ქართული კომპანიები რუსულ ბირჟაზე არ ვაჭრობენ. თუმცა, როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, მის ეკონომიკაზე დარტყმა, მოკლევადიან პერიოდში, ჩვენი ქვეყნისთვის გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს.

„პირდაპირი გავლენა კონკრეტულად ამ ფაქტს არ მგონია, ჰქონდეს, რადგან, რამდენად ჩემთვის ცნობილია, საქართველო არ ვაჭრობს მოსკოვის ბირჟაზე ვალუტაში, შესაბამისად, გავლენა მხოლოდ არაპირდაპირი ექნება. სამწუხაროდ, რუსეთი ჩვენთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მის ეკონომიკაზე დარტყმა, მოკლევადიან პერიოდში გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს საქართველოსთვის.

მეორე, ეს შეიძლება, სიგნალი იყოს ჩვენთვის, რომ თუ გავაგრძელებთ რუსული მიმართულებით სვლას, ჩვენთვისაც იქნება სანქციები და არ დაგვზარდებიან მაგაზე. ამ კუთხით უნდა ვიფიქროთ და ფრთხილად ვიყოთ.

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ამ კუთხით რაიმე შეიცვალა. თუმცა, მუდმივად საფრთხის ქვეშ არის ეგ თემაც, ნებისმიერ დროს შეიძლება დაიბლოკოს და ამას ხელს უწყობენ მათ შორის ჩვენთანაც, მიღებულ „რუსული კანონით“ . ჩვენც შეიძლება დაგვებლოკოს ეს მიმართულება“ - ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

ცნობისთვის: აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (Office of Foreign Assets Control-OFAC), რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების აღსრულების განყოფილებაა, 12 ივნისს მოსკოვის ბირჟისა და მის ჯგუფში შემავალი ეროვნული კლირინგ-ცენტრისა და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ასევე, OFAC-მა მოსკოვის ბირჟასთან, ეროვნულ კლირინგ-ცენტრსა და ანგარიშსწორების დეპოზიტართან ოპერაციების 13 აგვისტომდე ვადით შეჩერებაზე ლიცენზია გასცა, ხოლო მეორე ლიცენზია ანალოგიურ დედლაინს მათი ფასიანი ქაღალდების გასასვლელად აწესებს.

ნინი ქეთელაური