აშშ-ის შემდეგ მოსკოვის ბირჟა დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-ის შემდეგ, რუსი პირების წინააღმდეგ სასანქციო სია გააფართოვა, რომელშიც 40-ზე მეტ ახალ პოზიციას შორის მოსკოვის ბირჟა, ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარი, სანქტ-პეტერბურგის ბირჟა და “ინგოსსტრახიც” მოხვდა.

ამის შესახებ ბრიტანული მარეგულირებლის სანქციების იმპლემენტაციის ოფისის (Office of Financial Sancions Implementation-OFSI) განცხადებაში წერია.

OFSI წერს, რომ სანქციები, ასევე, შეეხო “ვოლგა-დნეპრს,” "Murmansk LNG-ს, NOVATEK Murmansk-ს, Modern Marine Arctic LNG Transport-ს, “რუსქიმალიანსს,” მანქანათმშენებელ ქარხანა “ალიანსს,” კომბინატ “კამენსკის,” “რუსატომ არქტიკას," სამეცნიერო-კვლევით საავტომობილო ინსტიტუტ NAMI-ს, “ვინირ-პროგრესს,” ყაზანის სახელმწიფო და ტამბოვის დენთის ქარხნებს.

მთლიანობაში, სიაში 7 ფიზიკური პირი და 35 კომპანი მოხვდა. ფიზიკურ პირებს შორის არიან S8 Capital-ის მფლობელი, არმენ სარქისიანი, Astra-ჯგუფის თანამფლობელი, დენის ფროლოვი, ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და Danone-ის რუსული შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელი, იაკუბ ზაკრიევი, მოსკოვის ბირჟის ხელმძღვანელი, იური დენისოვი, საინვესტიციო ჯგუფ Insight-ის ბენეფიციარი, ავეტ მირაქიანი, კომპანია Kismet Capital Group-ის დამფუძნებელი, ივან ტავრინი.

აღსანიშნავია, რომ არმენ სარქისიანისა და ავეტ მირაქიანის კომპანიები რუსეთის ბაზრიდან უცხოელი მოთამაშეების გასვლის პროცესში აქტივებს აქტიურად ყიდულობდნენ.

ერთი დღით ადრე სანქციების სია აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმაც განაახლა, რომელშიც რუსეთიდან და ჩინეთიდან 200-ზე მეტი იურიდიული და 30 ფიზიკური პირი მოხვდა. მათ შორის დასანქცირდა მოსკოვის ბირჟა, ანგარიშსწორების ეროვნულ დეპოზიტარი, ეროვნული კლირინგ-ცენტრი, რუსეთის გადაზღვევის ეროვნული კომპანია, ასევე, NOVATEK-ის საწარმოები, Arctic LNG-1, Arctic LNG-2 და Murmansk LNG.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ