საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ GREDA რამდენიმე წელია მუშაობს ჰესებთან დაკავშირებულ პროექტზე.
მელიქიძის თქმით, პროექტი ეკონომიკის სამინისტროსთან განიხილეს და უწყებამ ინიციატივა მოიწონა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ განხილვა გაგრძელდეს ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა სამინისტროებში, შემდეგ კი პარლამენტში გადაინაცვლოს.
GREDA-ს პროექტის მიხედვით, იმ ჰიდროელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის პროცენტი, რომლებიც სამომავლოდ აშენდება, უნდა მიემართებოდეს კონკრეტულად იმ სოფელსა თუ თემზე, სადაც ჰესი ფუნქციონირებს.
„პროექტი რეალურად ითვალისწინებს იმას, რომ ქონების გადასახადი, რომელსაც გადაიხდიან მომავალში აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, უნდა დაბრუნდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. ამ ქონების გადასახადის კონკრეტული პროცენტი, გააჩნია რა ზომისაა ჰესი, უნდა დარჩეს იმ თემში, სოფელსა და ზეგავლენის არეალში, სადაც შენდება ჰიდროელექტროსადგური. ამჟამად, ქონების გადასახადი ბრუნდება მუნიციპალიტეტებში და ნაწილდება მუნიციპალიტეტის მიერ, მისი შეხედულებისამებრ. სავსებით შესაძლებელია, რომ იმ სოფელს არ შეხვდეს სათანადო სარგებელი, სადაც აშენდა ჰიდროელექტროსადგური“, - ამბობს მელიქიძე.
GREDA-ში განმარტავენ, რომ მაშინ, როცა თანხა დაუბრუნდება სოფელსა და თემს, ადგილობრივები თავად გადაწყვეტენ, რა ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტების განხორციელება სურთ და შემდეგ ამ პროექტს მუნიციპალიტეტი განახორციელებს.
„რა უნდა გაკეთდეს, მაგალითად, აშენდეს ბაღი, სკოლა, გზა, წყალმომარაგება და ა.შ ამის ინიცირებას მოახდენს უკვე სოფელი და კონკრეტულად ის თანხა მიემართება ამ პროექტების განხორციელებისკენ. ვფიქრობ, რომ ამით სერიოზული კონკურენციაც კი შესაძლოა, წარმოიშვას და იმდენად საინტერესო გახდეს ჰესის მშენებლობა.
ამის პრეცედენტი არსებობს ნორვეგიაში. იქაც იყო მაღალი ტემპერატურა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან და ბოლოს ვნახეთ დაახლოებით ამ ტიპის გამოსავალი. ჩვენ მოვარგეთ პროექტი იმ მოცემულობას, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
მელიქიძის თქმით, მათ მიერ შემუშავებული ინიციატივა გავლენას მოახდენს საკანონმდებლო აქტებზე და საჭირო იქნება ცვლილებების განხორციელება, თუმცა აღნიშნული საკითხი უკვე დაამუშავეს.