დასავლური კაპიტალის გადინება რომ დაიწყოს, ეროვნულმა ბანკმა რაც არ უნდა მოიმოქმედოს, უკვე სულერთია - აკაკი ცომაია

„ხელისუფლების შეფასებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უკვე ღიმილისმომგვრელია“ - ასე ეხმაურება ეკონომისტი აკაკი ცომაია ბოლო დროს ლართან დაკავშირებულ პროცესებს. ლარის გაუფასურების მიზეზებზე მან რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

აკაკი ცომაია: „ერთჯერადი ტრანზაქციები, რასაც ამ ყველაფრის მიზეზად ასახელებენ, არ შეიძლება, ერთი თვე გრძელდებოდეს. 44 მილიონი დოლარი არ არის ის რიცხვი, რამაც შეიძლება ასეთი რყევები გამოიწვიოს სავალუტო ბაზარზე“.

ცომაია ამ პროცესს ორ ნაწილად ყოფს და მათ დეტალურად განიხილავს:

„ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორები, ეს არის ძალები, რომლებიც ერთის მხრივ, ქვეყნიდან ვალუტის ყოველთვიური გადინების პროცესს განაპირობებს, მეორეს მხრივ, ეს ბალანსდება უცხოური ვალუტის შემოდინებით. რეალურად, ეკონომიკური აქტივობა 29 აპრილის მერე მცირდება და ეს ეტყობა ყველაფერს: სესხებს, ბიზნესს, ინვესტიციებს და ა.შ. შეიძლება შეჩერდეს უცხოური გრანტები ევროკავშირიდან და ამერიკიდან, ამიტომ ბოლო დროს ტრენდი იქმნება უფრო გაუფასურებისკენ, ვიდრე გამყარებისკენ.

მეორე მიზეზი არის ის, რომ ამ უარყოფითი მოლოდინებიდან არსებობს შიში, რომ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება. შესაბამისად ხდება ლარის დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში გადატანა, რაც კიდევ უფრო დამატებითი ზეწოლაა, რომ ლარი გაუფასურდეს“ - აღნიშნავს ეკონომისტი.

მისი თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ ცუდი მოლოდინების შედეგია, ხოლო თუ დანამდვილებით დაიწყო ფინანსური სანქციები, რეალობა გაცილებით მწვავე იქნება.

„თუ დაიწყო ფინანსური დასანქცირება და ეს სია ვიცით, რომ გაფართოვდება, ამას ცხადია, მოჰყვება დამატებით საკმაოდ სერიოზული პრობლემები: გაჩნდება საბანკო გადარიცხვებთან პრობლემები, ეს შეამცირებს ლიკვიდობასთან წვდომას, ეკონომიკურ აქტივობას, გაიყინება გრანტები და დახმარებები უცხოეთიდან. ეს საკმაოდ რთული პროცესია და ამ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს დასავლური კაპიტალის გადინება, ეროვნულმა ბანკმა რაც არ უნდა მოიმოქმედოს, უკვე სულერთია, რადგან მას არ აქვს საკმარისი რაოდენობის რეზერვები. ლარი მყისიერად დაიწყებს გაუფასურებას, რაც გადაიზრდება მაღალ ინფლაციაში, საზოგადოებას საკმარისად მაღალი ფასის გადახდა მოუწევს, რაც პირველ რიგში, ცხოვრების დონის გაუარესებით გამოიხატება“ - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

ეკა დარჩიაშვილი