სექტემბრიდან, 20 საპილოტე სკოლაში პროფესიული განათლება ინტეგრირდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, 20 საპილოტე სკოლაში პროფესიული განათლება ინტეგრირდება.

როგორც მან „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, პროფესიული პროგრამების ძირითადი ნაწილი ტექნოლოგიური მიმართულების იქნება.

„ჩვენი პროფესიული პოლიტიკის ახალი ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო, რომ ჩვენ ტერიტორიული ხელმისაწვდომობა, პროფესიული განათლების აღქმა და პრესტიჟი გაგვეზარდა. ვინაიდან ტერიტორიული გადაადგილება ამ ასაკის ბავშვებში მაინც სირთულეს წარმოადგენს, მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ პროფესიული განათლება შევიტანოთ სკოლებში. ეს არ არის არც მომზადება-გადამზადების პროგრამა, ეს არის იგივე სერტიფიცირებული საკვალიფიკაციო პროგრამები, რომელიც განხორციელდება და ხორციელდება პროფესიულ კოლეჯებში. ე.წ. ინტეგრირებული პროგრამები. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს და ახლა უკვე ყველაფერი მოერგება 10+2 სისტემას. 20 საპილოტე სკოლაში ჩვენ ამ პროგრამებს დავიწყებთ. ზოგად განათლებაში პროფესიული განათლება შედის. ეს არჩევითი იქნება, სურვილიდან გამომდინარე.

ამ პროგრამების უმეტესი ნაწილი სწორედ ტექნოლოგიურ მიმართულებებს შეეხება. ვარჩევთ ისეთ სკოლებს, რომელიც პროფესიულ კოლეჯებთან არ არის ახლოს და ვარჩევთ დიდ სკოლებს. რამდენიმე წელში უნდა მოვიცვათ ბევრი სკოლა, თუ ყველა არა. ინტეგრირებული პროგრამა გახდება 2-წლიანი როგორც პროფესიულ კოლეჯში, ასევე სკოლაში. რა განათლებასაც მიიღებდა მოსწავლე პროფესიულ კოლეჯში, შესაძლებელი იქნება საკუთარ სკოლაში მიიღოს. ამის დამთავრების შემდეგ ერთდროულად ვიღებთ როგორც პროფესიულის დიპლომს, ასევე სკოლის ატესტატს და ნებისმიერ დროს მათ შესაძლებლობა აქვთ უმაღლეს განათლებაში გააგრძელონ სწავლა“, - განაცხადა ამილახვარმა.