აშშ-მა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი მოამზადა

შეერთებულმა შტატებმა პარასკევს უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

პაკეტი მოიცავს უკრაინის მიერ მოთხოვნილ იარაღს, ისეთებს როგორიცაა პატრიოტის სარაკეტო სისტემის საბრძოლო მასალები, მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMAR), საბრძოლო მასალები, სტინგერის საზენიტო რაკეტები, 155 მმ საარტილერიო რაკეტები, ბრედლის საბრძოლო მანქანები და ნაღმებისგან დაცული მანქანები (MRAPs).

„აშშ და საერთაშორისო კოალიცია გააგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას მისი თავისუფლების დასაცავად“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ეს არის PDA-ს მეორე პაკეტი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს.

გასულ თვეში, მას შემდეგ რაც ბაიდენმა მოაწერა ხელი კანონმდებლობას, შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა 1 მილიარდი დოლარის PDA პაკეტი უკრაინისთვის. ბაიდენმა თქვა, რომ აღჭურვილობის მიწოდება დაიწყება "მომდევნო რამდენიმე საათში".

ორი დღის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გამოაცხადა 6 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი ინვესტიცია უკრაინისთვის ახალი აღჭურვილობის შესაძენად.

6 მილიარდი დოლარის ყველაზე დიდი პაკეტია, რაც აშშ-მა გამოაცხადა და უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ნაწილია. USAI-ი კონტრაქტს აშშ-ს თავდაცვის ინდუსტრიასთან ახალი აღჭურვილობის შესაძენად აფორმებს, ხოლო PDA-ები აღჭურვილობას აშშ-ს არსებული მარაგებიდან იღებენ.

ზოგიერთი PDA მოწყობილობა შეიძლება ჩამოვიდეს რამდენიმე დღეში, მაგრამ USAI-ს მხარდაჭერას უფრო მეტი დრო სჭირდება. ოსტინმა თქვა, რომ პენტაგონი აღჭურვილობის წარმოებისა და მიწოდების უზრუნველყოფისთვის მაქსიმალურად სწრაფად იმოქმედებს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოაცხადა 30 მილიონი დოლარის ღირებულების HIMARS-ის უკრაინისთვის მიყიდვის შესახებ, რაც სამი HIMARS მანქანის მიწოდებას მოიცავს.

უკრაინის პრეზიდენტმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთმა ახალი შეტევები ხარკოვის ჩრდილოეთში დაიწყო, მაგრამ უკრაინის ჯარები, ბრიგადები და არტილერია შეტევას მომზადებულები შეხვდნენ.

„ამ მხარეში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. ვფიქრობ, ამ დროისთვის მტრის შეჩერებას საარტილერიო ცეცხლით შევძლებთ“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თორნიკე მაისაშვილი