შერთებულმა შტატებმა აზოვის ბრიგადისთვის იარაღის გაგზავნის აკრძალვა მოხსნა - CNN

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის აზოვის ბრიგადაზე იარაღის გაგზავნისა და წვრთნების შესახებ შეზღუდვა მოხსნა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ცნობისთვის, ეს ის ბრიგადაა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქალაქ მარიუპოლის დაცვაში, თუმცა დანაყოფის სრული ისტორია საკმაოდ ვრცელია.

აკრძალვა, რომელიც ცნობილია როგორც "Leahy Law", შეერთებულ შტატებს უცხოური ქვედანაყოფებისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში ზღუდავს. საქმე ეხება იმ დანაყოფებს, რომლებიც ოდესღაც ადამიანის უფლებათა დარღვევაში იყვნენ შემჩნეულები.

აზოვის ბრიგადა, რომელიც ახლა უკრაინის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შედის, ოდესღაც დამოუკიდებელი დანაყოფი იყო. აზოვის ბრიგადის ისტორია 2014 წლიდან იწყება, 2015 წელს მებრძოლებმა მარიუპოლი რუსული ძალებისგან გაათავისუფლეს და იბრძოდნენ დონეცკის რეგიონშიც. ამის შემდეგ იყო ბრალდებები ფაშიზმთან ან ნეო-ნაციზმთან კავშირში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსული დეზინფორმაცია ცდილობდა დანაყოფის დისკრედიტაციას. მრავალხნიანი განხილვის შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს არ აღმოუჩენია ადამიანის უფლებების დარღვევის მტკიცებულება და აშშ-ს ეს ნაბიჯიც აღნიშნულის გამოძახილია.

აზოვის ბრიგადა მიესალმა აკრძალვის მოხსნას და თქვა, რომ ეს გააუმჯობესებს მათ საბრძოლო უნარებს და მნიშვნელოვნად გაზრდის ჯარისკაცების თავდაცვით შესაძლებლობებს.

რუსეთის მთავრობის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აშშ-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და ისინი ექსტრემისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის ქმედებები შემაშფოთებელია, ხოლო ბრიგადას ნაცისტური ჯგუფი უწოდა.

2022 წელს, მარიუპოლის დაბომბვის შემდეგ, რომელმაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, რუსეთმა თავდასხმაში აზოვი დაადანაშაულა. უკრაინის ოფიციალური პირები კი აფეთქებაში რუსეთს ადანაშაულებენ.

ცნობისთვის, მარიუპოლი უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ განსაკუთრებით მას შემდეგ იქცა, რაც აზოვის წევრები, რუსეთის თავდასხმების დროს, კვირების განმავლობაში თავს აზოვსტალის ფოლადის ქარხანას აფარებდნენ.