„საქართველოს კაპიტალმა“ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამაზიანებელი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ვეღარ შეძლო

„ბრიტანულ-ქართულ აკადემიის“ წილის 70%-ის მფლობელმა და ინვესტორმა სს „საქართველოს კაპიტალმა“ დღის წესრიგში დააყენა სკოლის დირექტორის, დამფუძნებლისა და წილის 30%-ის მფლობელის ნათია ჯანაშიას თანამდებობიდან გადაყენებისა და ამ პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურის დანიშვნის საკითხი. ახალი კანდიდატის დანიშვნა, მისი დაუდგენელი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, დიდ რისკებს შეიცავდა სკოლის, მოსწავლეებისა და, ზოგადად, სწავლების ხარისხის მიმართულებებით, რაც ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) აკრედიტაციის გაუქმებას მოჰყვებოდა.

ინვესტორმა, რომელსაც სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სასამართლოში ედავება, ვერ შეძლო საკუთარი განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან ნათია ჯანაშიას სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება დააკმაყოფილა და დაადგინა: „სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შპს „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ პარტნიორთა კრებას მიკუთვნებულ საკითხებზე პარტნიორებმა გადაწყვეტილება მიიღონ ურთიერთშეთანხმებით“.

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ აკადემიური დირექტორი სტივენ პრისტი აცხადებს, რომ COBIS-ის წევრობა გლობალურ დონეზე განათლების მაღალი ხარისხის სტანდარტის მაჩვენებელია. COBIS ჩვენს სკოლებს სთავაზობს მნიშვნელოვან მხარდაჭერას, მათ შორის კონტაქტებს, კონსულტაციებსა და მარკეტინგულ შესაძლებლობებს. COBIS-ის წევრობა სკოლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის პერსონალის პროფესიული განვითარების ფართო შესაძლებლობებს, როგორებიცაა კონფერენციები, ვებინარები და სემინარები, რაც ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და სწავლას. გარდა ამისა, COBIS-ის წევრობა ჩვენი მოსწავლეებისთვის მრავალფეროვან ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობებს იძლევა.

ამ ყველაფრის დაკარგვა სკოლისთვის სავსებით რეალური გახდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის წილის 70%-ის მფლობელი ინვესტორი სს „საქართველოს კაპიტალი“ (რომელსაც 5 წლის განმავლობაში ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებები საერთოდ არ შეუსრულებია) შეძლებდა სკოლის მოქმედი დირექტორის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნას.

COBIS-ის წევრობის დაკარგვა სკოლას ართმევს წვდომას COBIS-ის წევრებისთვის განკუთვნილ მნიშვნელოვან სერვისებსა და კონსულტაციებზე. COBIS-ის გარეშე სკოლას აღარ ეყოლება ერთგვარი დამცველი გლობალურ არენაზე. გარდა ამისა, სკოლა ვერ შეძლებს საჭირო რაოდენობის სათანადოდ კვალიფიციური და გამოცდილი მასწავლებლების მოზიდვას იმ სანდოობის გარეშე, რომელსაც COBIS-ის წევრობა უზრუნველყოფს. მეტიც, რთული იქნება ამჟამინდელი და მომავალი მშობლებისთვის იმის დემონსტრირება, რომ სკოლა იცავს COBIS-ის სტანდარტებს აკადემიურ და ბავშვზე ზრუნვის საკითხებში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა და დირექტორმა ნათია ჯანაშიამ სასამართლოს მიმართა საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გასვლისა და 70%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ნათია ჯანაშია ინვესტორის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს – მან არ განახორციელა ინვესტირება სკოლის ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში.

ცნობისთვის, 2019 წლის 30 მაისს დადებული ხელშეკრულებით შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორი ნათია ჯანაშია და სს „საქართველოს კაპიტალი“ შეთანხმდნენ კომპანიის წილის 70%-ის ნასყიდობაზე, ხოლო სანაცვლოდ სააქციო საზოგადოებას, მხარეებს შორის 2019 წლის 6 მაისს დადებული მემორანდუმის თანახმად, ინვესტიციები უნდა ჩაედო ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში ლისზე და ოქროყანაში. ორივე კამპუსი, ჯამში, 2 600 მოსწავლეზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.

(R)