ინდოეთში ნავთობის დღიური მოხმარება 2030 წლამდე 1,3 მილიონი ბარელით გაიზრდება

IEA-ს პროგნოზის თანახმად, ინდოეთის ნავთობის დღიური მოხმარება 2030 წლამდე 1,3 მილიონი ბარელით გაიზრდება - ამის შესახებ Reuters-ის განცხადებაშია საუბარი.

ინდოეთი, მესამე უდიდესი ნავთობის იმპორტიორი და მომხმარებელია მსოფლიოში. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) განცხადების თანახმად, ამ ათწლეულის მეორე ნახევარში, იგი ნავთობის გლობალური მოთხოვნის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება.

პარიზში დაფუძნებულმა ენერგეტიკულმა ორგანიზაციამ, ნავთობის 2024 წლის ანგარიშში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინდოეთში ნავთობზე მოთხოვნა ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტად გაიზრდება. 2030 წლისთვის, ნავთობზე მოთხოვნა დღეში 5.4 მილიონიდან, 6.7 მილიონ ბარელამდე გაიზრდება.

IEA-მ აღნიშნა, რომ ეს ზრდა პირველ რიგში განპირობებული იქნება საგზაო ტრანსპორტის საწვავზე მოთხოვნის ზრდით და მოსალოდნელია, რომ ეს ზრდა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს სუფთა ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენებას.

”ამ ათწლეულის მეორე ნახევარში ინდოეთი საერთო ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი გახდება“ - ნათქვამია მოხსენებაში.

ნავთობზე დღიური მოთხოვნა ინდოეთში 2025-დან 2030 წლამდე 900 000 ბარელით გაიზრდება, რაც ბევრად აღემატება ჩინეთის 570,000 ბარელიან ზრდას. IEA-ის პროგნოზით, ნავთობზე მოთხოვნა მსოფლიოში პიკს 2029 წლისთვის მიაღწევს და კლებას მხოლოდ შემდეგ წლებში დაიწყებს.

ინდოეთში ნავთობზე მოთხოვნის ზრდის მთავარი ფაქტორი მისი სწრაფად მზარდი ეკონომიკაა. 2024 წელს ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი მთავარი ეკონომიკაა. საწარმოო და სამრეწველო საქმიანობა განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება და მოსალოდნელია, რომ მასიური შიდა სამომხმარებლო ბაზარი, სამუშაო ძალა და მხარდამჭერი დემოგრაფიული მაჩვენებლები ამ ზრდას დიდხანს შეინარჩუნებენ.

ცნობისთვის, ინდოეთში 2000 წელთან შედარებით, 2023 წლისთვის გზებზე მანქანების რაოდენობა რვაჯერ გაიზარდა. ამის მიუხედავად, ჩინეთს შარშან ინდოეთზე თითქმის შვიდჯერ მეტი მანქანა ჰყავდა, რაც ხაზს უსვამს შემდგომი კიდევ უფრო დიდი მოთხოვნის პოტენციალს.

თორნიკე მაისაშვილი