სომხეთი რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილ სამხედრო ალიანსს ბრალდებების ფონზე დატოვებს

სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას დატოვებს - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მან ალიანსის წევრები აზერბაიჯანის მიერ, სომხეთის წინააღმდეგ ომის დასაწყებად შეთქმულებაში დაადანაშაულა. თვეების განმავლობაში ფაშინიანი აკრიტიკებდა CSTO-ს, რომ ის სომხეთს აზერბაიჯანის აგრესიისგან არ იცავდა. ის იმუქრებოდა, რომ თუ რუსეთი უკეთეს დაცვას არ შესთავაზებდა ალიანსს დატოვებდა. ცალსახაა, რომ სომხეთი ახლა ცდილობს უფრო მჭიდრო კავშირები შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან დაამყაროს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა ცოტა ხნის წინ სექტემბრის ერთდღიანი ომის შედეგად სრული კონტროლი აიღო მთიანი ყარაბაღის რეგიონზე, რის გამოც თითქმის ყველა ეთნიკური სომეხი გაიქცა. ბევრმა ოფიციალურმა პირმა რუსი სამშვიდობოები ღალატში დაადანაშაულა, რომელთაც მათ დასაცავად არაფერი გააკეთეს.

ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ სომხეთმა "გაყინა" მონაწილეობა CSTO-ში და ალიანსს დატოვებს. ის ამტკიცებდა, რომ CSTO-ს ზოგიერთი წევრი აზერბაიჯანის ომს სომხეთის წინააღმდეგ დიდი ხანი გეგმავდა, მაგრამ კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია.

კონფლიქტს მთიან ყარაბაღში 190-ზე მეტი სომეხი სამხედრო ემსხვერპლა და 360-ზე მეტი დაიჭრა, ხოლო რეგიონი 100 000-ზე მეტმა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა.

მშვიდობის მიღწევის მცდელობის მიუხედავად, ოფიციალური ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი ერთი თვის ვადაში მოაწეროს.

სომხეთში საპროტესტო გამოსვლებმა მას შემდეგ იფეთქა, რაც ფაშინიანი აზერბაიჯანთან დათმობებზე წავიდა. შეტაკებისას 100-ზე მეტი პოლიციელი და მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, ფაშინიანის ხმამაღალი კრიტიკოსი, საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით.

მართალია, რომ ფაშინიანს არ დაუკონკრეტებია, როდის დატოვებს სომხეთი ოფიციალურად CSTO-ს, თუმცა არსებული ინფორმაციით რუსი სამშვიდობოები მთიანი ყარაბაღიდან უკვე გაიყვანეს.

თორნიკე მაისაშვილი