ფულის მოპარვაზე უფრო ძვირად ინფორმაციის მოპარვა ფასობს - ანდრო გოცირიძე

კიბერ კრიმინალში ფულის მოპარვაზე უფრო ძვირად ინფორმაციის მოპარვა ფასობს - ამის შესახებ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა.

მისი თქმით, სოციალური ქსელებისთვის პირადი ინფორმაციის გაზიარებისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და არ გავუზიაროთ ისეთი მონაცემები, როგორიც რეალურად სოციალურ ქსელს, ჩვენ შესახებ, არ სჭირდება. გოცირიძის განცხადებით, დღევანდელ რეალობაში ფულის მოპარვაზე ძვირად შესაძლოა, ინფორმაციის მოპარვა დაგვიჯდეს, რადგან რისკები ამ შემთხვევაში უფრო მეტია.

„კიბერ კრიმინალში ფულის მოპარვაზე უფრო ძვირად ინფორმაციის მოპარვა ფასობს. თუ ინფორმაციას იპარავ, ამ ინფორმაციით შეგიძლია ბევრი კრიმინალური ქმედება დაგეგმო, ხოლო ფულის მოპარვის შემთხვევაში, მაშინვე დავაკავებთ, იმიტომ რომ ვხვდებით ამ ყველაფერს - ესემესს ვიღებთ და ა.შ“ - განაცხადა მან.

ამასთან, ანდრო გოცირიძე არასრულწლოვნების საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ ეს ჯგუფი მეტად საყურადღებოა, რადგან სიფრთხილის გამოჩენის თვალსაზრისით, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილია. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა მშობლებისთვის რამდენიმე აუცილებელი რეკომენდაციაც გასცა, კერძოდ:

  1. არ ვდებთ/ვაგზავნით შილიფად ჩაცმულ სურათებს;
  2. თუ ადამიანი თავს ჩვენს თანატოლად წარმოაჩენს, არ ნიშნავს, რომ ეს ნამდვილად ასეა;
  3. დაუშვებელია ვირტუალურ ნაცნობთან შეხვედრა მშობლის ნებართვის გარეშე;

„პირველ რიგში უფროსებმა/მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის, რომ სოციალური ქსელის გამოყენების აკრძალვით ვერსად ვერ წავალთ. ეს ვერც ტექნიკური კონტროლით ვერ მოხერხდება, რადგან ახალგაზრდა ყველა შემთხვევაში იპოვნის გზას. გამორიცხულია თანამედროვე ახალგაზრდამ ეს გზა ვერ იპოვოს, ამიტომ ჩვენ მას ვერ გავაკონტროლებთ. ყველაზე კარგი არჩევანია საღი აზრის ჩამოყალიბება, ბავშვმა უნდა იცოდეს რა უნდა გააკეთოს და რა არა“ - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

თორნიკე მაისაშვილი