Tesla მასკს რეკორდულ ბონუსს გადაუხდის

Tesla-ს აქციონერებმა კომპანიის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორისთვის, ილონ მასკისთვის 56 მლრდ დოლარის ოდენობის რეკორდული კომპენსაციის პაკეტის გადახდას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამასთან, დამტკიცდა, რომ Tesla-ს შტაბ-ბინა დელავერიდან ტეხასში გადავა.

ამერიკული საჯარო კომპანიების ისტორიაში რეკორდული ბონუსის გადახდაზე აქციონერების თანხმობის შესახებ ხუთშაბათს დილით გახდა ცნობილი.

”უბრალოდ, მინდა, დავიწყო იმით, რომ მე თქვენ მიყვარხართ, ბიჭებო,” - განაცხადა მასკმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

პაკეტი თავდაპირველად 2018 წელს დამტკიცდა, მაგრამ ერთ-ერთი აქციონერის სარჩელის შემდეგ დელავერის სასამართლომ ის გააუქმა. ექსპერტების შეფასებით, ხუთშაბათის კენჭისყრა არ ნიშნავს იმას, რომ მასკი თანხას ავტომატურად მიიღებს, რადგან აქციონერთა გადაწყვეტილება სასამართლომ შესაძლოა, არ აღიაროს.

Tesla-ს დირექტორთა საბჭოში აცხადებენ, რომ მასკი იმსახურებს ასეთ ჯილდოს, რადგან კომპანიამ მისი ხელმძღვანელობით ამბიციურ მიზნებს მიაღწია და მილიარდერს უნდა მიეცეს სტიმული, რომ Tesla-ს ერთგული დარჩეს.

2018 წელს დამტკიცებული გეგმით, ილონ მასკს, რომელიც Tesla-სგან ოფიციალურად ხელფასს არ იღებს, ჯილდოს სახით 56 მლრდ დოლარი გადაეცემოდა, თუ კომპანიის კაპიტალიზაცია და შემოსავალი გარკვეულ მაჩვენებლებს მიაღწევდა. ეს პირობა შესრულდა. თუმცა Tesla-ს ერთ-ერთმა მინორიტარ აქციონერმა, რიჩარდ ტორნეტამ, რომელიც Tesla-ს მხოლოდ ცხრა აქციას ფლობს, ამ ხარჯს „არაგონივრული“ უწოდა და სასამართლოს მეშვეობით გადახდის გაუქმება მოითხოვა.

წინააღმდეგობა მსხვილ ინვესტორებს შორისაც გაჩნდა, როგორიც კალიფორნიის საპენსიო ფონდი, CalSTRS-ი და ნორვეგიის სახელმწიფო საპენსიო ფონდია, რომელიც Tesla-ს მერვე უმსხვილესი აქციონერია. კენჭისყრამდე ფონდი აცხადებდა, რომ მასკისთვის ბონუსის გადახდას მხარს არ დაუჭერდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში დელავერის მოსამართლე ქეითლინ მაკკორმიკმა დაადგინა, რომ გეგმა ხარვეზიანი იყო და ასეთი გადახდა აქციონერების მიმართ სამართლიანი არ იქნებოდა. ამ გადაწყვეტილებას Tesla-მ „საფუძველშივე მცდარი და აქციონერთა ნებასთან შეუსაბამო“ უწოდა. კომპანიამ გარიგება მეორე კენჭისყრაზე დააყენა და აქციონერებს მასკის კომპენსაციის, ასევე, დელავერის გარეთ Tesla-ს ხელახალი რეგისტრაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„აქციონერებმა საკუთარ თავს უნდა შეეკითხონ, Tesla ილონთან ერთად არის უკეთესი თუ მის გარეშე. ჩვენ, Baron Capital-ში ამ კითხვას გარკვევით, ხმამაღლა და ცალსახად ვპასუხობთ, რომ Tesla ილონთან ერთად არის უკეთესი. Tesla - ეს ილონია,“ - წერდა მილიარდერი ინვესტორი, რონ ბერონი მასკის მხარდამჭერ ღია წერილში.

ხუთშაბათს, აქციონერთა გადაწყვეტილების შესახებ ცნობების ფონზე Tesla-ს აქციები გაიზარდა, რაც, Wedbush Securities-ის ანალიტიკოს დენ აივისის შეფასებით, ინვესტორების ნდობას ასახავს და მასკის მიერ კომპანიის დატოვების რისკს ამცირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ