გასულ წელს საქართველოს მუზეუმებს 2.1 მლნ ვიზიტორი ჰყავდა - საქსტატი

„2023 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 22.9%-ით გაიზარდა და 2.1 მლნ კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 8.1 ათასი დამთვალიერებელი მოდის“,- ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ მონაცემებშია აღნიშნული.

მოკვლევის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში 257 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 101 ერთეული წარმოადგენს მემორიალურ მუზეუმს, 73 - ისტორიულს (მხარეთმცოდნეობის), 23- ხელოვნების, 13 - მუზეუმ-ნაკრძალს, 2 - ლიტერატურულს, ხოლო 45 - სხვა სახის მუზეუმს.

ამასთან, 2023 წელს ყველაზე მეტი მუზეუმი ფუნქციონირებდა თბილისში (23.0%). ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთი (15.6%) და კახეთია (14.4%).

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 18.7%-ით გაიზარდა და 46.4 ათასი შეადგინა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა - 7.3 %-ით გაიზარდა და 916 ერთეული იყო.

ნინი ქეთელაური