თურქეთი ბოსფორ-დარდანელის სრუტეებით გავლას ისევ აძვირებს

თურქეთი 1-ლი ივლისიდან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით გემების გავლის ღირებულებას, თითქმის, 15%-ით გაზრდის და გადასახადი 5,07 დოლარი იქნება. ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რაც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

მისი თქმით, თუ 2022 წლამდე 10-ათასტონიანი სატვირთო გემი ტრანზიტში მთლიანობაში 3,240 დოლარს იხდიდა, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან, ტრანზიტის ახალი ტარიფების გათვალისწინებით, ასეთ გემს 20,370 დოლარის გადახდა მოუწევს. ამით, მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო ხაზინაში უცხოური ვალუტის შედინება გაიზრდება.

ცნობისთვის: ტრანზიტის ღირებულება, თითქმის, 40 წლის განმავლობაში უცვლელი იყო, თუმცა 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ის 8,3%-ით, ანუ ფრანკზე 4,42 დოლარამდე გაიზარდა. თანხა, 1936 წელს მონტრეს კონვენციის ხელმოწერის შემდეგ, ოქროს ფრანკის საფუძველზე გამოითვლება. კონვენცია ამ სრუტეებში გასავლელად შუქურის, გადაზიდვისა და სანიტარული ინსპექტირების გადასახადებსა და მოსაკრებლებს განსაზღვრავს. ხელმოწერის დროს ოქროს ფრანკი 0,8 დოლარს გაუტოლდა, ხოლო კონვენციამ სრუტეებზე თურქეთის სუვერენიტეტი აღადგინა.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოქროს ფრანკის საბაზისო ღირებულებას ყოველი წლის ივნისის ბოლოს აახლებს. ამდენად, მიმდინარე წლის ივლისიდან სავაჭრო გემის სუფთა ტონაჟზე ოქროს ფრანკის საბაზისო ღირებულება გადასახადებისა და მოსაკრებლების კოეფიციენტებით 5,07 დოლარით განისაზღვრა.

მონტრეს კონვენციის მე-19 მუხლის მიხედვით, თურქეთს შეუძლია, სრუტე მეომარი ქვეყნების გემებისთვის დახუროს, რაც არ ეხება იმ გემებს, რომლებიც სადგომზე ბრუნდებიან. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებიდან თურქეთმა, მონტრეს კონვენციის შესაბამისად, თავისი სრუტე სამხედრო გემებისთვის ჩაკეტა და შავ ზღვაში ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო გემის გატარება უკრაინის ომის დასრულებამდე გამორიცხა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ