წითელ ხიდზე 15 ტონამდე აღურიცხავი საწვავის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა - შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის - „წითელი ხიდი“ მებაჟე ოფიცრების მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის და მისი მისაბმელის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში 15-ტონამდე არადეკლარირებული დიზელის საწვავი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისას, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა.

შემოსავლების სამსახური ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან.