„ქვეყნის ეკონომიკური განვითარება პრობლემის წინაშე დგას და ლარი ამას ყველაზე კარგად ასახავს“ - ეკონომისტი

„იმისი არდანახვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება პრობლემის წინაშე დგას და ლარი ამას ყველაზე კარგად ასახავს, შეუძლებელია“ - ლარის გაუფასურებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემაზე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტმა გიორგი პაპავამ ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყნის განვითარების ვექტორი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ხოლო ლარის გაუფასურების რისკი ძალიან კონკრეტულია.

„რთულია იმის თქმა, 2.87 ლარი ასახავს თუ არა, ან რა დონეზე ასახავს გაუარესებულ მდგომარეობას, მაგრამ ფაქტია, გაუფასურების რისკი არის ძალიან კონკრეტული. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ ქვეყნის განვითარების ვექტორი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და არა იმიტომ, რომ ამაზე ვინმე აჟიოტაჟს ქმნის, არამედ იმიტომ, რომ ამაზე პირდაპირ საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის ესაუბრებიან ჩვენი სტრატეგიული პარტინიორების ყველაზე მაღალ წარმომადგენლებს.

იმისი არდანახვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება პრობლემის წინაშე დგას და ლარი ამას ყველაზე კარგად ასახავს, შეუძლებელია. ეს აღარ არის აჟიოტაჟი, ეს არის რეალურად ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება“ - განაცხადა გიორგი პაპავამ.

ცნობისათვის, ივნისის დასაწყისიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებით 7 თეთრზე მეტით არის გაუფასურებული. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1-ელ ივნისს ერთი დოლარი 2.7949 ლარი ღირდა, 13 ივნისს დადგენილი კურსით კი ერთი დოლარი 2.8693 ლარია.

ეკა დარჩიაშვილი