ბოსფორის და დარდანელის შემდეგ, გადაზიდვების ტარიფები შესაძლოა, შუა დერეფანშიც გაიზარდოს - ცაგარეიშვილი

ბოსფორის და დარდანელის შემდეგ, გადაზიდვების ტარიფები შესაძლოა, შუა დერეფანშიც, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებითაც გაიზარდოს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემების გატარებაზე ტარიფებს კიდევ ერთხელ ზრდის. ახალი გადასახადი ძალაში 2024 წლის 1-ლი ივლისიდან შევა და ტონაზე 5.07 დოლარი იქნება. დღეს არსებული ტარიფი 4.42 დოლარს შეადგენს.

პაატა ცაგარეიშვილის თქმით, თურქეთის ეს გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა, ტვირთების საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფებზე აისახება.

„ჩემი აზრით, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე დაკვირვებას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ეს პროცესი უპირველეს ყოვლისა, ტვირთების საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფებზე აისახება. თუ ამას ვივარაუდებთ, ეს ყოველივე პროდუქციის ფასების ზრდასაც გამოიწვევს, რაც მთელ მოსახლეობაზე დიდ გავლენას მოახდენს.“

ზოგადად, დაკვირვებიდან გამომდინარე, როგორც კი საზღვაო ტარიფი იზრდება, ამას სახმელეთო ტარიფიც თან მიჰყვება. ასე რომ, ამის წინაპირობა არსებობს, არ არის გამორიცხული სახმელეთო გადაზიდვების ტარიფები, შუა დერეფანში, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებითაც გაიზარდოს“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

თურქეთის მიერ სატრანზიტო საფასურის ზრდის საქართველოზე მოსალოდნელ გავლენებზე საუბრისას ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ ტარიფის ცვლილება ხშირ შემთხვევაში მოცულობის შემცირებას ან ტვირთის მიმართულების ცვლილებას იწვევს, რასაც პროდუქციის გაძვირებამდე მივყავართ.

ცნობისთვის, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუს მიხედვით, თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით გემების გავლის ღირებულებას თითქმის 15%-ით გაზრდის. მისი თქმით, თუ 2022 წლამდე 10-ათასტონიანი სატვირთო გემი ტრანზიტში მთლიანობაში 3,240 დოლარს იხდიდა, მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან, ტრანზიტის ახალი ტარიფების გათვალისწინებით, ასეთ გემს 20,370 დოლარის გადახდა მოუწევს.

ამასთან, 1936 წელს მიღებული მონტრეს კონვენციის მიხედვით, თურქეთს ბოსფორის და დარდანელის სრუტეების გამოყენებისთვის გადასახადის მოთხოვნის უფლება აქვს. გარდა ამისა, იმავე კონვენციის თანახმად, თურქეთმა სამხედრო გემებისთვის სრუტე ჩაკეტა და უკრაინის ომის დასრულებამდე შავ ზღვაში ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო გემის გატარება გამორიცხა.

ავტორი: ქეთა ტუხაშვილი