რუსეთში მოქმედმა ჩინეთის “შვილობილმა” ბანკებმა დოლარსა და ევროში ანგარიშსწორება შეაჩერეს

რუსეთში მოქმედმა ჩინეთის “შვილობილმა” ბანკებმა მოსკოვის ბირჟის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შემდეგ დოლარსა და ევროში საგარეო სავაჭრო ანგარიშსწორება შეაჩერეს, ხოლო ეროვნულ ვალუტაში, ანუ იუანსა და რუბლში გაზარდეს.

ინფორმაციას Reuters საკითხის მცოდნე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მანამდე ამ “შვილობილ” ბანკებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩინეთში მყოფი თავიანთი ბანკებისთვის მოსკოვის ბირჟაზე გადახდები დოლარსა და ევროში ეწარმოებინათ, ხოლო ანალოგიური ანგარიშსწორება ჩინური ბანკების მეშვეობითაც შეეძლოთ. თუმცა 13 ივნისის დილის 10 საათიდან მათ ამ ვალუტაში ანგარიშსწორება შეაჩერეს, რადგან ეს ვაჭრობა მოსკოვის ბირჟამ დახურა.

ჩინეთის საწარმოების უმეტესობა, რომლებიც რუსეთთან მუშაობას განაგრძობენ, რუბლსა და იუანში ანგარიშსწორებაზე უკვე გადავიდა.

დოლარი და ევრო, ძირითადად, ჰონგ-კონგის კომპანიებს სჭირდებოდათ, თუმცა რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ჰონგ-კონგის, ისევე, როგორც სინგაპურისა და ამერიკული დოლარის, ასევე, ევროს გამოყენების შეწყვეტის შემდეგ, მათ უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორებისთვის მხოლოდ იუანი რჩებათ.

ცნობისთვის: აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (Office of Foreign Assets Control-OFAC), რომელიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების აღსრულების განყოფილებაა, 12 ივნისს მოსკოვის ბირჟისა და მის ჯგუფში შემავალი ეროვნული კლირინგ-ცენტრისა და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების დაწესებიდან მალევე მოსკოვის ბირჟამ გამოაცხადა, რომ 13 ივნისიდან დოლარსა და ევროში ვაჭრობას წყვეტდა. მოგვიანებით რუსეთის ბანკმა გადაწყვეტილება ჰონგ-კონგის დოლართან ვაჭრობის შეჩერების შესახებაც გამოაცხადა.

ექსპერტების შეფასებით, მართალია, კომპანიები და მოქალაქეები ახალი სანქციების შემდეგ ევროს და დოლარის გაცვლას მოსკოვის ბირჟის გარეთ გააგრძელებენ, მაგრამ ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის განსხვავება შესაძლოა, გაიზარდოს, რაც სპეკულაციურ ოპერაციებს გაართულებს. მაგალითად, მართალია, სავაჭრო დღის ბოლოს, ანუ 11 ივნისს (12 ივნისს ვაჭრობა არ ტარდება) მოსკოვის ბირჟაზე დოლარი 89,10 რუბლი, ევრო კი 95,62 რუბლი ღირდა, მაგრამ ზოგიერთმა ბანკმა ვალუტის გაცვლის ოფისებში კურსი მნიშვნელოვნად, კერძოდ, 100, 120 ან 200 რუბლამდეც კი გაზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ