ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით წელიწადში 60 ათასი ტონა სპილენძი გადაიზიდება

ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) სარკინიგზო ხაზით წელიწადში 60 ათასი ტონა სპილენძის ტრანსპორტირება მოხდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვმა განაცხადა, რასაც Report ავრცელებს.

მისი თქმით, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

რუსტამოვი ამბობს, რომ ბთყ-ის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის სარემონტო, სარეკონსტრუქციო, გაფართოების სამუშაოების დასრულებისა და რკინიგზის მუშაობის აღდგენის შემდეგ აზერბაიჯანის რკინიგზას “ზოგიერთი მომხმარებელი დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდა.”

ბთყ-ის მოდერნიზებული რკინიგზით თურქეთში პირველი სატვირთო მატარებელი 25 მაისს ჩავიდა. მატარებელმა ბაქოდან ყარსში 20 კონტეინერში ჩატვირთული 632 ტონა პლასტმასის ნედლეული ჩაიტანა და სადგურზე ადგილობრივი დროით 04:50 საათზე შევიდა, საიდანაც შესაბამისი საბაჟო შემოწმების შემდეგ ტვირთი ლოგისტიკურ ცენტრში გადაიტანეს.

ბთყ-ის რკინიგზაზე საქართველოს 184 კმ-იანი მონაკვეთის მოდერნიზაცია-გაფართოება 2023 წლის მაისიდან დაიწყო, ხოლო მიმდინარე წლის 20 მაისს სამუშაოები დასრულდა.

ცნობისთვის: ბთყ-ის რკინიგზა 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა და ის თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული შედეგია. მისი მთლიანი სიგრძე 829 კმ-ია, საიდანაც 504 კმ აზერბაიჯანის, 246 კმ საქართველოს, ხოლო 79 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. რკინიგზამ შესაძლებელი გახადა, აზიასა და ევროპას შორის საქონლის მიწოდების დრო საგრძნობლად, ანუ 15 დღემდე შეემცირებინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ