"ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს"

როგორ მოიაზრებს „შუა დერეფანს“ ევროპის სატრანსპორტო ქსელი, სავარაუდოდ, რა ადგილი უკავია ამ ქსელში ანაკლიის პორტს, რა საფრთხეები შეიძლება უკავშირდებოდეს ჩინელების მიერ ანაკლიის პორტის აშენებას, „ინტერპრესნიუსი“ სატრანსპორტო პოლიტიკის და გადაზიდვებთან დაკავშირებული საკითხების დამოუკიდებელ მკვლევარს, დავით გოჩავას ესაუბრა.

- ბატონო დავით, კარგა ხანია სოციალურ ქსელში ინტერესით ვადევნებ თვალს თქვენს დაკვირვებებს სატრანსპორტო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე და საერთაშორისო გადაზიდვებზე და უნდა გითხრათ - თქვენი დაკვირვებები ამ სფეროში იმდენად ინფორმაციული და კვალიფიციურია, რომ, ახლა როცა ჩინელების მიერ ანაკლიის პორტის აშენების თემა აქტუალურია, გადავწყვიტე ამ თემებზე სასაუბროდ დაგკავშირებოდით.

ვიცი, რომ თვალს ადევნებთ ამ თემაზე საჯარო სივრცეში და აქაც, სოციალურ ქსელში მსჯელობას. კვალიფიციურსაც, ნაკლებად კვალიფიციურს და საერთოდაც არაკვალიფიციურსაც.

ეს თემა იმდენად მასშტაბური და მრავალასპექტიანია, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური და ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, აჯობებს მსჯელობა იმით დავიწყოთ, მსოფლიო ბანკის კვლევა რას ამბობს „შუა დერეფნის“ თემაზე. ფაქტი ისაა, რომ ტერმინი „შუა დერეფანი“ დამკვიდრებული ტერმინია. ისიც ფაქტია, რომ მას ზოგი „ქართულ დერეფანს“ უწოდებს.

„შუა დერეფნის“ შესაძლებლობებსა და პერსპექტივაზე რას ამბობს „მსოფლიო ბანკის“ კვლევა და ამ კვლევიდან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაა, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ?

- სატრანსპორტო თემა ჩემი ცხოვრების ნაწილია მისი კვლევით და შესწავლით ვარ დაკავებული დიდი ხანია. ადამიანების და საქონლის თავისუფალი გადაადგილება, წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ თავისუფლებას. გამოდის, ჩვენ ამ „თავისუფლებისთვის ვიბრძვით“. მადლობას გიხდით ამ თემით და ჩემი დაკვირვებებით დაინტერესებისთვის.

რაც შეეხება თქვენს კითხვას: - „მსოფლიო ბანკის“ კვლევას „Middle Trade and Transport Corridor - Policies and Investments to Triple Freight Volumes and Halve Travel Time by 2030“ („შუა სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფანი - 2030 წლისთვის ტვირთნაკადების მოცულობის სამჯერ გაზრდისკენ და ტრანსპორტირების დროის ორჯერ შემცირებისკენ მიმართული სტრატეგიები და ინვესტიციები“.

კვლევა 70-გვერდიანი დოკუმენტია. კვლევა იწყება შემდეგი წინადადებით: „“შუა დერეფანი” არის ჩინეთის ევროპასთან დაკავშირებული მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფანი, რომელსაც მომატებული ყურადღება ეთმობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ“.

კვლევაში სიტყვათაწყობა „რუსეთის შეჭრა უკრაინაში“ – „Russia’s invasion of Ukraine“, რვაჯერ მეორდება. ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ე.წ. „შუა დერეფანი“ აქტუალური გახდა 2022 წლის 24 თებერვალს, სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

„მსოფლიო ბანკის“ სპეციალისტები პირდაპირ მიუთითებენ - „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ახალი პერსპექტივები გააჩინა „შუა დერეფნისთვის“, როგორც ალტერნატიული დერეფნისთვის, როცა საქმე ეხება სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიცირებას, ეკონომიკური მედეგობის გაძლიერებას, რუსეთზე გამავალ მარშრუტზე დამოკიდებულების შემცირებას“.

და კიდევ: „უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გაზარდა ინტერესი „შუა დერეფნის“, როგორც საკონტინენტთაშორისო სავაჭრო მარშრუტის მიმართ. ამ მარშრუტს შეუძლია უზრუნველყოს ეკონომიკური მედეგობა და სიჭარბე, ერგება რა არასტაბილურ გეოპოლიტიკურ კონტექსტს“. მაშასადამე, „შუა დერეფნით“ დაინტერესების უმთავრესი ფაქტორი გარკვეულია, მაგრამ მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რამ გამოიწვია საკუთრივ „დაინტერესება“.

კვლევაში აღინიშნება დაინტერესების გამომწვევი ორი მიზეზი: „უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ახალი დინამიკა შესძინა „შუა დერეფანს“, ვინაიდან ბევრმა ევროპელმა ტვირთგამგზავნმა/მიმღებმა და სატრანსპორტო ოპერატორმა გადაწყვიტა არ გააგზავნოს და არ მიიღოს საქონელი რუსეთის ტერიტორიის გავლით, როგორც რუსეთის მოქმედებების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, ისე რუსეთზე გამავალი ტვირთების დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემების არიდებისა გამო“. იხილეთ ინტერვიუ სრულად