საქართველოს პარლამენტს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარედგინა

საქართველოს პარლამენტს „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გადაეგზავნა.

პრეზიდენტის ვეტოში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას, მნიშვნელოვნად უარესდება ოპოზიციური პარტიების ჩართულობის საკითხი და არ უზრუნველყოფს კონსენსუსზე დამყარებულ პოლიტიკურ პროცესს, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის, ისე როგორც ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის.

სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში ასევე ვკითხულობთ, „გააუქმო კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ შესაძლებელია ვერ შედგეს შეთანხმება ცესკოს წევრებს შორის, გაუმართლებელია და ვერ იქნება გაზიარებული“.

ამასთან, პრეზიდენტი ვეტოში აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, სათანადო განხილვისა და პროცესში მონაწილე სუბიექტებს შორის კონსენსუსის გარეშე.

„წარმოდგენილი ცვლილებით, იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც საჭიროებს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერას, სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე მცირდება ცესკოში გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, უქმდება გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარტიებს შორის კონსენსუსს საჭიროება და მნიშვნელოვნად უარესდება ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხი.

საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად, თავმჯდომარეს და 7 ე.წ. არაპარტიულ/პროფესიულ წევრს ირჩევს პარლამენტი, ფაქტობრივად, ხმათა უმრავლესობის პირობებში, რაც თავის მხრივ, მმართველ პარტიას შესაძლებლობას აძლევს ერთპარტიულად აირჩიოს ცესკოს თავმჯდომარე და აღნიშნული 7 წევრი. როგორც ვენეციის კომისიის, ეუთო/ODIHR-ის დასკვნაში და პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებშია აღნიშნული, იმ პირობებში, როცა არ არსებობს მოთხოვნა კვალიფიციური უმრავლესობით თავმჯდომარის კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით, ეს არსებითად ნიშნავს, რომ თავმჯდომარე მმართველ პარტიას წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას, ე.წ. პროფესიულ წევრებთან დაკავშირებით, რომელთა არჩევის პროცედურაც მსგავსია.

2/3-იანი კვორუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე დაწევის პირობებში შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება ცესკოს თავმჯდომარის ე.წ. 7 პროფესიული წევრისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის მხარდაჭერა. შედეგად, ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, დგინდება, რომ გადაწყვეტილებები შესაძლებელია მიღებულ იქნეს პარტიებს შორის ყოველგვარი კონსენსუსი გარეშე.

საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს და სრულად გაითვალისწინოს ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციები.

მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას. მნიშვნელოვნად უარესდება ოპოზიციური პარტიების ჩართულობის საკითხი და არ უზრუნველყოფს კონსენსუსზე დამყარებულ პოლიტიკურ პროცესს, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის, ისე როგორც ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდისთვის.

გთავაზობთ, მე-14 მუხლის „ნ2“ ქვეპუნქტი, 161 მუხლი, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 2037 მუხლი შენარჩუნდეს მოქმედი რედაქციით, მე-8 მუხლს არ დაემატოს 41 პუნქტი, ხოლო მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს პარლამენტის მიერ მიღებული რედაქციის მიხედვით,“ - აღნიშნულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო გუშინ დაადო. პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები 30 მაისს დაამტკიცა.

80 ხმით, ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესი შეიცვალა და ე.წ. "ანტიჩიხური მექანიზმი" დაწესდა.

საქმე ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მისაღებ ისეთ გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა.

უფრო კონკრეტულად, "საარჩევნო კოდექსის" ჯერ კიდევ მოქმედი ნორმების მიხედვით, საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით. ასევე, ცესკოს დადგენილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს.

"საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებით, თუ ცესკომ გადაწყვეტილება არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით ვერ მიიღო, ცესკოს იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.