ჩინეთი ევროკავშირის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღებით იმუქრება

ჩინეთი ევროკავშირის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღებით ემუქრება - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ჩინეთის ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზი, ევროკავშირის მხრიდან ჩინურ ელექტრომობილებზე ახალი იმპორტის გადასახადის დაწესების ინიციატივაა. ჩინეთის მთავრობა ამბობს, რომ ეს გადასახადები ევროკავშირის ავტომობილების მწარმოებლების უსამართლოდ დასაცავად არის გამიზნული.

ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ შესაძლოა ევროკავშირში შემოსულ ჩინურ ელექტრომობილებს 38,1 პროცენტამდე გადასახადი დააკისროს, რადგან მიაჩნიათ, რომ ჩინეთი ელექტრომობილების კომპანიებს არალეგალურ სუბსიდიებს აძლევს. ეს ახალი გადასახადები შეიძლება ივლისში ამოქმედდეს, თუ მანამდე კონკრეტული შეთანხმება არ იქნება.

ჩინეთის მთავრობის სპიკერი ჰე იადონგი ამბობს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარი კომპანიების დაცვას ეხება და არ აქვს სხვა ლოგიკური მიზეზი. მან ასევე განაცხადა, რომ ჩინეთმა შესაძლოა, თავისი კომპანიების ინტერესების დასაცავად, ევროკავშირის საკითხი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიც (WTO) განიხილოს.

ჩინეთის მთავრობა მოუწოდებს ევროკავშირს, ამ მაღალი გადასახადების დაწესების ნაცვლად, საკითხი დისკუსიების გზით გადაწყვიტოს. ისინი ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის ქმედებები არ არის სამართლიანი და ეწინააღმდეგება სამართლიანი ვაჭრობის წესებს.

ამ საკითხს გერმანელი ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან. ისინი შიშობენ, რომ თუ ევროკავშირი და ჩინეთი გააგრძელებენ გადასახადების გაზრდას ერთმანეთის პროდუქტებზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს სიტუაცია, როდესაც ორივე მხარე უფრო და უფრო მეტ ტარიფებს დააწესებს და კონფლიქტიც უფრო გაღრმავდება. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა გამოსავლის მოსაძებნად ჩინეთთან მოლაპარაკების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. კანცლერ ოლაფ შოლცის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, ორივე მხარის ერთობლივი შეთანხმება აუცილებელია.

ევროკავშირს სურს, ბენზინისა და დიზელის მანქანებიდან ელექტრო ავტომობილებზე სწრაფად გადავიდეს. თუმცა, ევროპელ ავტომობილების მწარმოებლებს უჭირთ ჩინურ ელექტრომობილებთან ფასში კონკურენცია. ევროკავშირი გეგმავს ახალი ბენზინისა და დიზელის მანქანების გაყიდვა 2035 წლისთვის სრულად შეზღუდოს, მაგრამ ამჟამად ევროპული ელექტრომობილების წარმოება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ჩინური.

ცალსახაა, რომ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ელექტრომობილებით ვაჭრობის საკითხი საკმაოდ პრობლემატური საკითხია, ორივე მხარე საკუთარი ინდუსტრიის ეკოლოგიურად სუფთა მანქანებისკენ დაცვას ცდილობს.

თორნიკე მაისაშვილი