„არაკვალიფიციური დასკვნების მოპოვების შესაძლებლობა კიდევ არსებობს - გვაქვს სამშენებლო კოდექსი, მაგრამ რეგულაციები გადავადდა,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სამართლის დოქტორმა, სამშენებლო სამართლის სპეციალისტმა უჩა ზაქაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მართალია, 2019 წლიდან ქვეყანაში ახალი სამშენებლო კანონმდებლობა ამოქმედდა, თუმცა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარკვეული რეგულაციები გადავადდა, რაც ბაზარზე მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით, არაკვალიფიციური დასკვნების მოპოვებას კვლავ შესაძლებელს ხდის.
„2019 წელს, ახალი სამშენებლო კოდექსი ამოქმედდა. კანონმდებლობამ ხარისხის გაუმჯობესების, მათ შორის ყალბი დასკვნების მომზადების საკითხი კომპლექსურად გაითვალისწინა.
კერძოდ, კოდექსმა დაადგინა სერტიფიცირების ვალდებულება, რის შედეგადაც, გარკვეული კონტროლის, პროფესიული სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბაზარზე მოქმედი სპეციალისტები უნდა ყოფილიყვნენ, ის პირები ვისაც შეეძლებოდათ ამ საქმიანობის განხორციელება და კოდექსმა გაითვალისწინა ე.წ. საეტაპო კონტროლი ანუ ეტაპობრივად მშენებლობის კონტროლის ინსტრუმენტი.
თუმცა, ორივე ეს რეგულაცია სამჯერ გადავადდა და მათი ამოქმედება 2025 წლამდე არ იგეგმება. ეს კი კვლავ ტოვებს ბაზარზე არაკვალიფიციური დასკვნების მოპოვების შესაძლებლობას. შესაბამისად, ექსპერიმენტი, რომელიც ჩაატარეთ 6-7 წლის წინ, იგივე წარმატებით შეგიძლიათ ჩაატაროთ დღესაც, მაშინ, როცა გვაქვს კოდექსი, რომელსაც ეს პრობლემები უნდა მოეგვარებინა, მაგრამ რეგულაციების ამოქმედება გადავადდა,“ - აღნიშნა ზაქაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა ემა ტუხიაშვილის ჟურნალისტური ექსპერიმენტის შესახებ სტატია (სწორედ ამ ექსპერიმენტს გულისხმობდა გადაცემის სტუმარი), რომლითაც გაირკვა, რომ კვლევებსა და საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნაზე მომუშავე ზოგიერთი კომპანია თუ ინდივიდუალური მეწარმე შესაბამის დასკვნას ყოველგვარი სამუშაოების, ტერიტორიის კვლევის გარეშე, უბრალო სატელეფონო ზარის შემდეგ ამზადებდა. მსგავსი დასკვნის მიღება კი იმ დროს სულ რაღაც 250 ლარად იყო შესაძლებელი.
იხილეთ ამავე თემაზე: მკვლელობის ტოლფასი გეოლოგიური დასკვნა - ჟურნალისტური ექსპერიმენტის შოკისმომგვრელი შედეგი