„უცხოელი დონორები დიპლომატიური დუმილის მდგომარეობაში იმყოფებიან,“ - ასე შეაფასა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ეფექტი ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ.
როგორც ჩხობაძემ აღნიშნა, დღეისათვის უცხოელი დონორები ე.წ. დიპლომატიური დუმილის მდგომარეობაში იმყოფებიან, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები თავის მხრივ, გარკვეულ პროექტებს აჩერებენ.
„დონორები სიტუაციას აკვირდებიან. არა მგონია სამოქალაქო სექტორის დაფინანსება შეწყდეს, მათ დახმარება დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, რადგან სამოქალაქო სექტორი, როგორც სახელმწიფოს გამომაცოცხლებელი ძალა, შეიძლება გაქრეს,“ - განაცხადა ჩხობაძემ.
რესპოდენტის თქმით, ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს არასასურველად გარკვეული სუბიექტური საბაბების გამო მიიჩნევს, რაშიც იგულიხმება, რომ რაღაც სწორად არ კეთდება და გარკვეულ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.
გარდა ამისა, რესპონდენტი ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო მმართველობისას საჭირო ბალანსის დაცვაა საჭირო. მისი შეფასებით, პროცესების ჯანსაღად და სამართლიანად წარსამართად ხელისუფლების მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა.
წამყვანის კითხვას - თუ რა პერიოდი გაგრძელდება ეს პაუზა და დაბნეულობა, რესპოდენტი ასე პასუხობს:
„დღეს მთავარი ამოცანა არჩევნებია, ამიტომ ამისთვის მოსამზადებელი გზა მიდის. ეს საქართველოს ასარჩევი გზაა. თუმცა, ქართველმა უკვე გამოხატა, რომ მზე მისთვის ჩრდილოეთიდან არ ამოდის“.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პარლამენტში მიმდინარე წლის გაზაფხულზე მეორედ წარადგინა. მანამდე, 2023 წლის მარტში საზოგადოების პროტესტის გამო ამ კანონის უკან გაწვევა მოუწია, თუმცა, უკვე წელს, 2024 წლის 14 მაისს „ქართულმა ოცნებამ"„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო. როგორც ცნობილია, აღნიშნულ დოკუმენტს 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად 28 მაისს დაძლია.
ამასთან, მიმდინარე თვის დასაწყისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ათობით მოქალაქეს სავიზო აკრძალვები დაუწესა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი არ ასახელებს, კონკრეტულ პირებს თუ შეეხო შეზღუდვა, თუმცა, როგორც განაცხადეს, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. ასევე შეზღუდვები გავრცელდება მათ ოჯახის წევრებზეც. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს.
ავტორი: ქეთა ტუხაშვილი