ტეილორ სვიფტის ლონდონის ტურმა შესაძლოა ინგლისის ბანკს განაკვეთის შემცირება გადაავადებინოს

ანალიტიკოსების თქმით, ტეილორ სვიფტის ლონდონის ტურმა შესაძლოა ინგლისის ბანკის განაკვეთის შემცირება გადაავადოს. ამის შესახებ Reuters -ი წერს.

სპეციალისტების ვარაუდით, ტეილორ სვიფტის ტური ადგილობრივ ეკონომიკას შესამჩნევად გააძლიერებს, რითაც შესაძლოა, ინგლისის ბანკის განაკვეთის შემცირების საჭიროება გარკვეული პერიოდით დღის წესრიგიდან მოხსნას.

საინვესტიციო ბანკის TD Securities-ის თანახმად, ასობით ათასი გულშემატკივარი (რომლებსაც მოიხსენიებენ, როგორც Swifties) მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.

”ჩვენ BoE-ს შემცირებას ჯერ კიდევ აგვისტოში ველოდებით, მაგრამ ინფლაციის მონაცემებმა ამ თვის განმავლობაში შესაძლოა MPC (მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი) შეაჩეროს“- განაცხადეს ლუკას კრიშნანმა და ჯეიმს როსიტერმა, TD Securities-ის მაკრო სტრატეგებმა.

გამოკითხული ეკონომისტების უმეტესობა კლებას აგვისტოში ელოდა, ხოლო ფინანსური ბაზრები შემცირებას სექტემბერში პროგნოზირებდნენ. თუმცა, Swift-ის აგვისტოს ტურის თარიღები ინფლაციის საკვანძო ინდექსზე პოტენციურად იმოქმედებს და ბანკს მოუწევს თავის გეგმებს ხელახლა გადახედოს - ამბობენ ანალიტიკოსები. სასტუმროების ფასების ზრდამ შეიძლება დროებით გაზარდოს სერვისების ინფლაცია.

ინგლისის ბანკს კონკრეტულად კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, მაგრამ აღნიშნა, რომ MPC საპროცენტო განაკვეთის გადაწყვეტილების მიღებისას ეკონომიკური მაჩვენებლების ფართო სპექტრს ითვალისწინებს.

სვიფტის ტურის ეკონომიკური ზეგავლენა მნიშვნელოვანია, ისეთი ტერმინები, როგორიცაა "Swiftflation" და "Swiftonomics", აღწერს გაზრდილ ხარჯებს სასტუმროებზე, ფრენებსა და რესტორნებზე. მისმა ტურებმა ედინბურგში დაახლოებით 77 მილიონი ფუნტი (98 მილიონი დოლარი) დაამატა ადგილობრივ ეკონომიკას. Barclays Bank-ის შეფასებით, გაერთიანებული სამეფოს სრულმა ტურმა შესაძლოა ბრიტანეთის ეკონომიკას 1 მილიარდი ფუნტი მოუტანოს.

თორნიკე მაისაშვილი