“ვისი გემი სად არის დაპარკინგებული, ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს” - ეკონომისტი

ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები საკუთარ აქტივებს საქართველოში შეღავათიანი პირობებით გადმოიტანენ. შეცვლის თუ არა ეს სურათს სასიკეთოდ ვალუტის შემოდინების თვალსაზრისით - ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

„თუ შევხედავთ დინამიკას 2012 წლიდან და შევხედავთ ორ ინდიკატორს: ე.წ. წმინდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების სხვაობას შემოდინებებს და გადინებებს შორის და შევხედავთ ბრუნვას კვარტალურ ჭრილში, ძირითადი ფინანსური ცენტრებიდან კონტრიბუცია იყო 0,4%. ეს არის, რაც რეალურად დარჩა ამ ქვეყნებიდან შემოსული ფულიდან საქართველოში, ხოლო ბრუნვაში წილი არის 10%, ანუ რეალურად ამ ტიპის ფინანსური ცენტრებიდან რაც ხდება, არის ფულის შემოდინება და გადინება და არა ფულის შემოდინება და გრძელვადიანად მისი დაბანდება.

გრძელვადიან სურათში ეს არის ნაკადები, რომელიც შემოდის და გადის. ვისი გემი სად არის დაპარკინგებული, ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მითუმეტეს, რომ ქონების გადასახადსაც არ იხდიან”, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

კანონის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

“საგადასახადო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლება.

ეკა დარჩიაშვილი