ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთი 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა - BBC

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ უნგრეთი 200 მილიონი ევროთი (169 მილიონი ფუნტი) თავშესაფრის პოლიტიკის შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა. გარდა ამისა, უნგრეთს დღეში დამატებით 1 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება, სანამ პოლიტიკას არ შეცვლის.

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს განცხადების მიხედვით, უნგრეთმა ევროკავშირის კანონმდებლობა იმით დაარღვია, რომ თავშესაფრის მაძიებლებს უნგრეთში შესვლის ნებართვას არ აძლევდა და ბელგრადში ან კიევში გამგზავრებას აიძულებდა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა X-ზე ჯარიმას "აღმაშფოთებელი და მიუღებელი" უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირის საზღვრების დაცვა დასჯადი არ უნდა იყოს. მან ბრიუსელის ბიუროკრატები არალეგალური მიგრანტებისთვის პრიორიტეტების მინიჭების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს ევროპელი მოქალაქეების ირიბი ჩაგვრაა.

მას შემდეგ, რაც 2015 წელს უნგრეთში მილიონზე მეტი ადამიანი შევიდა (რომლებიც ძირითადად სირიის ომისგან გაქცეულნი იყვნენ) ქვეყანამ მიგრანტების მიმართ მკაცრი პოზიცია დაიკავა. უნგრეთის მთავრობამ სასაზღვრო ღობეები აღმართა და ცდილობდა არალეგალური გადაკვეთის ფაქტების აღკვეთას.

ევროკავშირის კანონმდებლობა აცხადებს, რომ ყველას, ვინც გაურბის დევნას საკუთარ ქვეყანაში, აქვს უფლება მოითხოვოს საერთაშორისო თავშესაფარი და არ შეიძლება უკან დაბრუნება უწევდეთ, თუ არსებობს სიკვდილის ან წამების სერიოზული რისკი.

ამას ემატება ის ფაქტიც, რომ 2017 წელს უნგრელი პოლიციის ოფიცერი პატრულირებდა სერბეთთან საზღვარს, სადაც თავშესაფრის მაძიებლებს გადაზიდვის კონტეინერებში აკავებდნენ.

ევროკავშირის სასამართლოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ უნგრეთი ევროკავშირის პოლიტიკას თავს „განზრახ“ არიდებდა, ხოლო სასამართლომ განაცხადა, რომ ეს შემთხვევა წარმოადგენს „ევროკავშირის კანონმდებლობის უპრეცედენტო და უკიდურესად სერიოზულ დარღვევას“.

თორნიკე მაისაშვილი