თბილისის მერია „კაფე მზიურის“ შენობის აუქციონზე გაყიდვას გეგმავს

ქონების მართვის სააგენტო „კაფე მზიურთან“ დადებულ ხელშეკრულებას აღარ აგრძელებს, - ამის შესახებ განცხადებას „კაცე მზიურის“ ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, თბილისის მერიამ გადაწყვიტა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე „კაფე მზიურის“ შენობა აუქციონზე გასაყიდად გაიტანოს.

„გახსნის დღიდან, ჩვენი კაფე სოციალური საწარმოს პრინციპით მუშაობს, რაც გულისხმობს მოგების სრულ რეინვესტირებას სოციალურ პროექტებში.

8 წლის მანძილზე შემოსული ყოველი თეთრი ხმარდებოდა სივრცის განვითარებას და უამრავ ღონისძიებას, რომელსაც ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის ვატარებდით.

პერიოდულად ვახერხებდით სპონსორების და მეგობრების მხარდაჭერით კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა ჩვენი სოციალური აქტივობები.

ჩვენ ყოველთვიურად ვაბარებთ დეკლარაციას და ვიხდით ყველა გადასახადს. ხელშეკრულების განახლების წინ, ყოველ ჯერზე ვაბარებთ დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას, ქალაქ თბილისის მერიას, რათა პირნათლები ვიყოთ ქალაქთან და საზოგადოებასთან აღებული ვალდებულებების წინაშე.

წელს, ჩვენი თავდაუღალავი შრომის 8 წლის თავზე, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თბილისის მერიამ გადაწყვიტა, აუქციონზე გაიტანოს კაფეს შენობა და მზიურის კაფე აქციოს „ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად“.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კაფეს მენეჯმენტში. ეს სივრცე არ არის მხოლოდ კონკრეტული საკადასტრო კოდი - ის იქცა ქალაქის მნიშვნელოვან ინკლუზიურ ადგილად.

მზიურის კაფეს ყველა მეგობარს და გულშემატკივარს გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდში და მივაწვდინოთ ხმა ქალაქის მერიას - შეუნარჩუნეთ კაფე მზიურს სოციალური სივრცის ფუნქცია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

mziuri-1718518459.jpg

მერი ტაბატაძე