ქართული ფუტკარი უფრო ღირებულია, ვიდრე იმპორტირებული „ბამბლები“ - ასე ეხმაურება მეფუტრეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალეკო პაპავა „ბიზნესპრესნიუსთან“ ფუტკრის იმპორტის ზრდას. მისივე თქმით, ფუტკრის აღნიშნული სახეობა სათბურებსა და მოცვის პლანტაციებში დამტვერვისთვის გამოიყენება.
ცნობისათვის, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ცოცხალი ფუტკრის იმპორტი 91%-ით გაიზარდა. თუ 2023 წლის ოთხ თვეში ქვეყანამ 60.44 ათასი დოლარის ცოცხალი ფუტკარი იყიდა, წელს იანვარ-აპრილში ამ მაჩვენებელმა 115.46 ათასი დოლარი შეადგინა.
„იმპორტირებული ფუტკრის ეს სახეობა - „ბამბლები“, გამოიყენება მოცვის პლანტაციებში და სათბურებში, თუმცა მოცვის პლანტაციებში ქართული მეთაფლია ფუტკარი უფრო კარგია. მე მგონია, რომ ქართველი ფერმერები მარკეტინგულ ხრიკს არიან წამოგებულნი, რადგან ქართული ფუტკარი უფრო ღირებულია, ვიდრე ეს ე.წ. ბამბლები“ - განაცხადა პაპავამ.
ასოციაციის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ სათბურებისთვის, რომელსაც ქართული ფუტკარი ვერ უძლებს, ბამბლი საუკეთესო გამოსავალია, თუმცა სხვა ყველაფრისთვის კავკასიური მეთაფლია ფუტკარი შეუცვლელია.
„სპეციალურად სათბურებისთვის ეს მწერი იდეალურია, იქ ქართული ფუტკარი ვერ გაძლებს, მაგრამ სხვა დანარჩენი საქმისთვის, რაშიც არა ქართულ ფუტკარს, არამედ ე.წ. ბამბლებს იყენებენ, სრულიად უსარგებლოა.
სჯობს, ეს თანხები მიმართული იყოს ქართველი მეფუტკრეებისკენ, შედეგად უკეთესი ხარისხის დამტვერვაც ექნებათ და უკეთესი ხარისის პროდუქტსაც მიიღებენ“, - დასძინა ალეკო პაპავამ.
აღსანიშნავია, რომ როგორც წელს, ისე შარშანაც ცოცხალი ფუტკრის იმპორტი მთლიანად თურქეთიდან განხორციელდა.