ბრილიანტი “მოდაში აღარ არის“ - ძვირფასი ქვები, რომლებიც ალმასზე მეტად ფასობენ

2016 წელს იუველირმა ოლივია იანგმა წითელი სპინელის ბეჭედი 7 700 დოლარად გაყიდა. გასულ წელს კი კლიენტის სადაზღვევო კომპანიამ მის შესაცვლელად 38 400 დოლარი გადაიხადა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ადრე შეუმჩნეველი ეს ძვირფასი ქვა, დღეს ფასეულობას იძენს, რადგან კოლექციონერები ე.წ. „დიდი ოთხეულის“ მიღმა (ბრილიანტი, ზურმუხტი, ლალი და საფირონი) უფრო ხელმისაწვდომ ძვირფას ქვებს ეძებენ, რომლებიც შეიძლება გონივრული ინვესტიცია აღმოჩნდეს.

სპინელი

შრი-ლანკაში, მიანმარში, ვიეტნამში, ავღანეთში, ტაჯიკეთსა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, ქვა - სპინელი მოიპოვება, რომელიც სხვადასხვა შეფერილობისაა. მე-18 საუკუნემდე წითელ სპინელებს “რუბიებს“ ეძახდნენ. ბრიტანეთის გვირგვინის მთავარი სამკაული, 170-კარატიანი შავი პრინცის ლალი, სინამდვილეში არის სპინელი.

მაგალითად, 2015 წელს აუქციონის სახლმა Bonhams-მა 50,13-კარატიანი Hope Spinel რეკორდულ ფასად 1,22 მილიონი აშშ დოლარად გაყიდა.

1-1718522115.jpg

“ისტორიულად, სპინელები ნაკლებად მნიშვნელოვანად და, შესაბამისად, უფრო ხელმისაწვდომად ითვლებოდა, მაგრამ ისინი სულ უფრო სასურველი ხდებიან“, - აცხადებს cnn-თან Bonhams-ის სამკაულების თანახელმძღვანელი ჯენიფერ ტონკინი.

მისი თქმით “ცეცხლოვანი წითელი“ და ვარდისფერი სპინელები ბირმადან, ისევე როგორც ვარდისფერი ქვები ტაჯიკეთიდან, ყველაზე პოპულარულია.

Christie's-ის სამკაულების საერთაშორისო ხელმძღვანელის, რაჰულ ქადაკიას თქმით, ვარდისფერი და იასამნისფერი სპინელების თითო კარატის ფასი 25 000 დოლარამდეა.

“დიდი ოთხი“ ძვირფასი ქვების მზარდმა ფასებმა მყიდველები აიძულა არატრადიციული ალტერნატივები გამოიკვლიონ“, - თქვა მან გამოცემასთან.

“ლალი, საფირონი და ზურმუხტი ძალიან ძვირი გახდა და ამასთან, საკმაოდ მწირი რაოდენობაა. ადამიანებმა დაიწყეს სხვა ძვირფასი ქვების ყიდვა. ისინი ადრე უფრო ხელმისაწვდომი იყო, თუმცა მათ ფასიც გაიზარდა“, - აცხადებს ჩარლზ აბუჩარი, ძვირფასი ქვების დილერი ჯენევაში.

ტურმალინი

2-1718522144.jpg

თავდაპირველად 1980-იან წლებში, ბრაზილიის შტატ პარაიბაში, აღმოჩენილი ეს ნიშური ჯიშის ტურმალინი გამორჩეულია თავისი ფირუზისფერით და დიზაინით.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Paraiba ტურმალინის ფასი წლებთან ერთად გაიზრდება. მაგალითად, 2022 წელს ერთი კარატი უმაღლესი ხარისხის Paraiba ტურმალინების ფასმა 75 000 დოლარს მიაღწია, როდესაც 2009 წელს სულ რაღაც 4 800 დოლარი ღირდა.

საიუველირო სახლის Boghossian-ის მმართველმა პარტნიორმა რობერტო ბოღოსიანმა, დასძინა, რომ Paraiba ტურმალინების ფასი ბოლო სამიდან ხუთ წელიწადში გაორმაგდა. ამასთან, ძვირფას ქვაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, რაც მას “ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და ძვირფას ქვად აქცევს“.

წყარო: cnn.com

თეონა რამაზაშვილი