ქარელის რაიონ სოფელ დირბში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ჩირის, ტყლაპებისა და ვაშლის ჩიფსის მწარმოებელი ქართული კომპანია „ფრუტერა“ მზის ენერგიის მოხმარებაზე გადავიდა.
კომპანიამ USAID-ის პროგრამაში „ძლიერი სოფელი“ მიიღო მონაწილეობა და გრანტი მოიპოვა. პროექტი თანაინვესტირებით განხორციელდა. „ფრუტერას“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია 136 ათასი ლარი იყო, რითაც დამატებითი შენობები და ძირითადი საშუალებები შეიძინეს. რაც შეეხება USAID-ის გრანტის ოდენობას, 26 ათასი დოლარი შეადგინა და სწორედ ამ თანხით განხორციელდა მზის პანელების მონტაჟი.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დამფუძნებელი, დავით გელუტაშვილი უყვება, „ფრუტერას“ საწარმოში 40-კილოვატიანი დადგმული სიმძლავრის მზის პანელები მოეწყო. მისი თქმით, ამ ეტაპზე წარმოებისთვის საჭირო ელექტროენერგიის დაახლოებით 60% უზრუნველყოფილია მზის პანელებით.
„აპრილიდან დავიწყეთ მზის ენერგიის გამოყენება, სამწუხაროდ, სრულად მზის ენერგიაზე გადასვლა ვერ მოვახერხეთ იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი ელექტროენერგია გვჭირდება.
მზის ენერგიის გამოყენება საოპერაციო ხარჯს ამცირებს. მართალია, საინვესტიციო თანხა დიდი იყო, თუმცა, საბოლოოდ საოპერაციო ხარჯები შემცირდება. კერძოდ, როგორც გითხარით, საჭირო ელექტროენერგიის 60%-ს გამოიმუშავებს მზის პანელები - ეს მთლიანად დანაზოგია“, - განაცხადა დავით გელუტაშვილმა.
რაც შეეხება პროდუქციაზე მოთხოვნას, გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილია. დავით გელუტაშვილის თქმით, კომპანიას უკვე ჰყავს ერთგული მომხმარებლები, რაც წინაპირობაა იმისა, რომ უახლოეს მომავალში „ფრუტერაზე“ მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.
„ფრუტერა“ ამ ეტაპზე დაახლოებით 22 სახეობის ჩირებსა და ტყლაპებს აწარმოებს. კომპანია სამომავლოდ გეგმავს ასორტიმენტის გაფართოებას. გელუტაშვილის თქმით, სულ მალე „ფრუტერას“ ასორტიმენტი 30-მდე გაიზრდება. კომპანია გეგმავს ექსპორტზე გასვლასაც, საწყის ეტაპზე მიზნად ისახავენ გერმანიისა და კანადის ბაზრების მოცვას, სადაც სატესტო ვერსიები უკვე გაგზავნილია.