დანია ტანსაცმელში “მარადიული ქიმიკატების” გამოყენებას კრძალავს

დანია პირველია ევროკავშირში, რომელიც 2026 წლის 1 ივლისიდან PFAS-ჯგუფის ტოქსიკური ნივთიერებების შემცველი ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ჰიდროსაიზოლაციო პროდუქციის გაყიდვას კრძალავს.

ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

PFAS-ი ელემენტების კლასია, რომელიც, დაახლოებით, 15,000 ქიმიური ნივთიერებისგან შედგება. ისინი მასალაში ცეცხლგამძლე და წყალგაუმტარი თვისებების მისანიჭებლად გამოიყენება.

PFAS ბუნებრივად ძნელად იშლება და შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმში დაგროვდეს, რაც სერიოზულ დაავადებებს, მათ შორის, კიბოს, ბავშვებში კი განვითარების დეფექტებს იწვევს. წყალში მოხვედრის შემდეგ ეს ქიმიკატები მთელ საკვებ ჯაჭვში გროვდება.

დანიაში ახალი წესები როგორც ადგილობრივ წარმოებაზე, ასევე, იმპორტირებულ პროდუქციაზე გავრცელდება. თუმცა აკრძალვა პროფესიულ ან დამცავ ეკიპირებას არ შეეხება.

დანიამ 2020 წლიდან PFAS-ჯგუფის ტოქსიკური ნივთიერებები საკვებ შეფუთვებში აკრძალა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ