პორტუგალიაში მსოფლიოს ყველაზე გრძელი წრიული საფეხმავლო მარშრუტი შეიქმნება

პორტუგალია მსოფლიოში ყველაზე გრძელი წრიული საფეხმავლო მარშრუტის შექმნას გეგმავს. მისი სიგრძე 3 ათასი კილომეტრი იქნება, რაც ტურისტებს საშუალებას მისცემს, თითქმის, მთელი ქვეყანა ფეხით დაათვალიერონ.

მარშრუტის პირველი მონაკვეთი ლისაბონის ჩრდილოეთით, ქალაქ ალენკერში ივლისში გაიხსნება, შემდეგ კი მშენებლობას ალენტეჟუს და ტრაზ უჟ-მონტეშის რეგიონები შეუერთდება.

მარშრუტის დასრულების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

პორტუგალიაში ტურისტების უმეტესობა ლისაბონისა და სანაპირო ალგარვეს რეგიონის მოსანახულებლად ჩადის. ინიციატორები მოელიან, რომ ახალი 3-ათასკილომეტრიანი საფეხმავლო მარშრუტის წყალობით ხალხი ნაკლებად პოპულარულ მიმართულებებსაც მოინახულებს.

ცნობისთვის: ესპანეთის კასტილია-ლეონის რეგიონში საფეხმავლო ბილიკი მე-19 საუკუნის უძველესი რკინიგზის გასწვრივ, არიბეს დელ-დუეროს ბუნებრივ ნაკრძალში გაიხსნა. სარკინიგზო ხაზი 77 კილომეტრ სიგრძისაა, რომელიც ესპანეთსა და პორტუგალიას შორის ვაჭრობაში დიდ როლს თამაშობდა, თუმცა 1980-იან წლებში დაიხურა და მიატოვეს. 2021 წელს რეგიონულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამ ადგილისთვის ახალი სიცოცხლე შეეძინა და კამინო დე-იეროს საფეხმავლო მარშრუტი, მთებში გვირაბებითა და ხიდებით, რკინიგზის 17-კილომეტრიან მონაკვეთზე შეიქმნა. ის კანიონებს გადის და დელ-დუეროს ბუნებრივ ნაკრძალში შედის. მთელი მარშრუტის დაფარვას 6 საათი სჭირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ