„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ სათხის მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივით სათხის მონასტერზე დაიწყო და განხორციელდა საპროექტო, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები.
კომიტეტი განცხადებაში ეხმაურება „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინფორმაციას, რომ სათხის მონასტერი „უმძიმეს მდგომარეობაშია“ დ ა განმარტავს, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს სპეციალური სარევიზიო კომისიის შექმნას და სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების განუხორციელებელი მესამე ეტაპის სამართლებრივ შეფასებას.
“ვინაიდან „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივით სათხის მონასტერზე დაიწყო და განხორციელდა საპროექტო, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები, თავს ვალდებულად ვთვლით, გამოვეხმაუროთ 2024 წ. 14 ივნისს „ინტერპრესნიუსზე“ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც საუბარია სათხის მონასტრის მთავარი ტაძრის სავალალო მდგომარეობასა და შეჩერებულ სარესტავრაციო სამუშაოებზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები თითქოს და გაურკვეველი მიზეზებით შეჩერებული იქნა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, კერძოდ, სამუშაოების შეჩერების გამომწვევი მიზეზი პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის ცნობილია. შესაბამისად, აღნიშნულ განცხადებას მივიჩნევთ სპეკულაციად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობად, რადგან აღნიშნული განცხადების გამავრცელებელი ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელისთვის ზედმიწევნით ცნობილია სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერების მიზეზი.
აქვე გვსურს, დამატებით ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ უახლოეს მომავალში გეგმავს სპეციალური სარევიზიო კომისიის შექმნას და სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების განუხორციელებელი მესამე ეტაპის სამართლებრივ შეფასებას.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით და ჩართულობით სავალალო მდგომარეობაში მყოფ სათხის მონასტერზე ჩატარდა უმნიშვნელოვანესი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელშიც ჩართული იყო აღიარებული იტალიელი სპეციალისტი სტეფანო ვოლტა, რომელმაც ადგილზე დაგეგმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღდგენითი სამუშაოები. 2019 წ. გამაგრდა მონასტრის საძირკველი, 2020 წ. კი განხორციელდა კედლების გადაწყობა და კონქის გამაგრება-შენარჩუნება.
„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ მიზანია სათხის მთავარი მონასტრის სრული აღდგენა და მისთვის ძველი დიდების დაბრუნება”, - წერია განცხადებაში.