TOP 5 კომპანია და სექტორები, სადაც გაერთიანებულმა სამეფომ უარყოფითი ინვესტიცია განახორციელა

2024 წლის 1-ელ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში გაერთიანებული სამეფოდან უარყოფითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა და ჯამში -95 994 000 აშშ დოლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ასევე უარყოფითი ინვესტიციები განხორციელდა საფინანსო სექტორში. იქიდან გამომდინარე, რომ ამ სექტორში ბრიტანეთი ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი იყო, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, გაერთიანებული სამეფოდან უარყოფითი ინვესტიციები საფინანსო სექტორში მოხდა თუ არა.

საქსტატის მიერ BPN-ის კითხვის საპასუხოდ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ბრიტანეთმა საანგარიშო პერიოდში უარყოფითი ინვესტიციები სამ სექტორში განახორციელა, საიდანაც უდიდესი წილი სწორედ საფინანსო სექტორზე მოდიოდა. უფრო კონკრეტულად, მონაცემები სექტორულად ასე გამოყურება:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები: -97 477 700 აშშ დოლარი
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება: -7 832 900 აშშ დოლარი
  • განათლება: -715 200 აშშ დოლარი

აღსანიშნავია ისიც, რომ გაერთიანებულმა სამეფომ დანარჩენ სექტორებში დამატებით 10 031 900 ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რითაც უარყოფითი ინვესტიციები ჯამურად მცირედით დაკორექტირდა.

რაც შეეხება ხუთ უმსხვილეს კომპანიას, სადაც პირველ კვარტალში ბრიტანეთიდან უარყოფითი ინვესტიციები განხორციელდა, ასე გამოიყურება (რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული):

  • ბრიტანეთის საბჭო საქართველოში
  • სს საქართველოს კაპიტალი
  • სს ბიჯეო ჯგუფი
  • შპს ენთეინ ჯორჯია
  • შპს ჯეიფი ჰაბ
მერი ტაბატაძე