რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს ტურიზმსა და ავიაციაში - ირაკლი კობახიძე

წელს ველოდებით 4.5 მლრდ დოლარის შემოსავლებს ტურიზმის სფეროდან, რაც შარშანდელთან შედარებით 9%-იანი გაუმჯობესება იქნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ წელს საქართველო 7.9 მლნ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლებს, რაც ისტორიული მაქსიმუმი იქნება.

„შემდეგი საკითხი არის ტურიზმი და ავიაცია, სადაც გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები, კვარტალურ ჭრილში ჩვენ მივიღეთ რეკორდული შემოსავლები ტურიზმიდან 808 მლნ დოლარი, რამაც პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა 40%-ით. ჩვენ ამ კვარტალში ვუმასპინძლეთ 1.3 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, რაც შარშანდელთან შედარებით არის 8%-იანი ზრდა. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, აქაც გვაქვს რეკორდული მაჩვენებლით, 939 ტურისტს ვუმასპინძლეთ.

ზაფხულის სეზონზე შესრულდება 13 600 ავიარეისი. რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. ევროპაში 11 ავიაკომპანია ასრულებს რეისებს 38 მიმართულებით. რაც არის ისტორიულად ყველაზე მაღალი შედეგი. წელს საქართველოში ოპერირებს 50 ავიაკომპანია, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი 2011 წელს მაგალითად მხოლოდ 23 ავიაკომპანია ოპერირებდა.

ასევე, დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი აეროპორტებში მგზავრთნაკადის კუთხითაც, 1.4 მლნ მგზავრს გადააჭარბა. გვაქვს კარგი ტენდენციები და ოპტიმიზმის კარგი საფუძველი.

წელს ველოდებით წლიურ ჭრილში 4.5 მლრდ დოლარის შემოსავლებს ტურიზმის სფეროდან, რაც შარშანდელი 9%-იანი გაუმჯობესება იქნება. ველოდებით 7.9 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, 5.2 მლნ საერთაშორისო ტურისტს, რაც იქნება ისტორიული მაქსიმუმი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მერი ტაბატაძე