„წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო ბანკს დაემსგავსოს“ - საპენსიო სააგენტო დაგეგმილ ცვლილებებზე

საპენსიო სააგენტოში რიგი ცვლილებები იგეგმება. როგორც „ბიზნესპრესნიუსი“ წერდა, გაჩნდა მოსაზრებები, რომ საპენსიო სააგენტო განსახორციელებელი ცვლილებების შემდეგ შესაძლოა, სახელმწიფო ბანკს დაემსგავსოს. გაჩნდა კითხვები სააგენტოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებითაც.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა პოზიცია აქვთ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სააგენტოში. კითხვებით საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ჭიჭინაძეს მივმართეთ.

- როგორ აფასებთ საპენსიო სააგენტოში დაგეგმილ ცვლილებებს?

- აქტიურად ვმუშაობდით ცვლილებებზე. თავდაპირველად სააგენტოს შექმნის საწყის ეტაპზე ბევრი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია იყო ჩართული და ჩამოყალიბდა ისეთი ფორმით, როგორც მაშინ იყო საჭიროება. ახლა უკვე, რა თქმა უნდა, პრაქტიკიდან გამომდინარე, ბევრი რამე დაიხვეწა, დალაგდა და დალაგდება ამ ცვლილებებით. საჭიროა ერთიანი ხედვა და ერთიანი ბორდის ყოფნა, იმ რთული კრიტერიუმების შერჩევის პირობებში, რა წერია კანონში.

ადრეც ვსაუბრობდი, რომ ბორდი უნდა იყოს პროფესიონალი წევრებით დაკომპლექტებული და ვსაუბრობდი იმაზეც, რომ კარგი იქნებოდა თუ ბორდში არ იქნებოდნენ მინისტრები, რადგან მათ ძალიან ბევრი საქმე აქვთ, შესაბამისად, ბორდის საქმიანობაში ჩართულები უნდა ყოფილიყვნენ პროფესიონალები, რომელთაც უფრო მეტი დრო აქვთ. შესაბამისად, ეს ორი ბორდის გაერთიანება მნიშვნელოვანი ცვლილებაა სააგენტოსთვის.

- სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შესარჩევი კომისია ძირითადად შედგება მინისტრებისგან, პარლამენტარისგან და ა.შ. დამოუკიდებელ წევრსაც სებ-ი არჩევს, საბოლოოდ წევრებს ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი, თქვენი აზრით, რამდენად უზრუნველყოფს ეს პროფესიონალი კადრების დამოუკიდებლად შერჩევას?

- ეს ადრეც ასე იყო, ამ ნაწილში ცვლილება არ იგეგმება. მოქმედი საინვესტიციო საბჭოს საერთაშორისო წევრები მაშინაც პარლამენტის წევრებმა, მინისტრებმა, დამოუკიდებლებმა წევრებმა შეარჩიეს. ახლა ერთი ქართველი არ გვყავს საინვესტიციო საბჭოში. აქ მე ვერ ვხედავ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას. შესარჩევი კომისია რჩება, პროფესიული ნიშნით შერჩევის ნაწილში არ მგონია რაიმე კითხვის ნიშანი იყოს, რადგან ამ წევრებმა შეარჩიეს საერთაშორისო ძალიან პროფესიული, კვალიფიციური და გამოცდილი ხალხი.

- გაჩნდა მოსაზრებები, რომ გატარებული რეფორმებით საპენსიო სააგენტო შესაძლოა, სახელმწიფო ბანკს დაემსგავსოს, ამ საკითხთან დაკავშირებით როგორია თქვენი პოზიცია?

- არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან ამის შესახებ გვაქვს ერთი დიდი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი. საინვესტიციო პოლიტიკა განისაზღვრება კანონით, იქ იმდენი ჩამკეტია ამ მიმართულებით, რომ წარმოუდგენელია, რომ ბანკს დაემსგავსოს. მეორე მხრივ, საპენსიო ფონდის ზედამხედველი და მარეგულირებელი არის ეროვნული ბანკი, რომელსაც დამატებითი ბერკეტი აქვს საინვესტიციო მიმართულებებით, რათა გააკონტროლოს ინვესტიციების მიმართულება/ სებ-ი სამომავლოდ მთელი სააგენტოს მარეგულირებელი ხდება, შესაბამისად, კანონის მუხლების ეს ერთობლიობა არ ტოვებს შესაძლებლობას, რომ სააგენტო სახელმწიფო ბანკს დაემსგავსოს.

თუნდაც კანონში ვერ დაასახელებენ პუნქტებს, რომელიც აჩენს შესაძლებლობას, რომ საპენსიო ფონდმა სახელმწიფო ბანკის ფუნქცია შეითავსოს. საინვესტიციო მიმართულება იქნება შეზღუდული, მკაცრად კონტროლირებადი. ამას ემატება მესამე საკითხი, როცა საბჭო გყავს პროფესიული საერთაშორისო ზეგავლენისგან თავისუფალი პირებით დაკომპლექტებული, რომლებიც მიმართულებას უკეთებენ ინვესტიციებს. აქამდე ასეთი რამე წარმოუდგენელი იყო.

საბჭო დაკომპლექტებული იქნება პროფესიული ნიშნით შერჩეული პირებით. ამ მხრივ მაღალი სტანდარტი ჩაიწერა კანონში. ეს ერთობლიობები ძალიან მაგრად კეტავს შესაძლებლობებს (სახელმწიფო ბანკად გადაქცევის).

- ფიქრობთ, რომ ცვლილებების არსებული რედაქციის გატარების შემდეგ, საპენსიო სააგენტო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს?

- დიახ, მე ასე ვფიქრობ.

იხილეთ ასევე: რა ცვლილებები იგეგმება საპენსიო სააგენტოში და არის თუ არა საფრთხე, დანაზოგებმა „საბჭოთა ანაბრების ბედი“ გაიზიაროს

მერი ტაბატაძე