თეთრი სახლი აშშ-ში 10 წლის განმავლობაში მცხოვრები მიგრანტების ლეგალიზებას გეგმავს

თეთრი სახლი “მიგრანტების დასახმარებლად უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს პროგრამას” გამოაცხადებს, რომელიც ლეგალურ სტატუსს მიანიჭებს ყველა მიგრანტს, ვინც ქვეყანაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს და აშშ-ის მოქალაქეზე არის დაქორწინებული.

CBS News ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ინიციატივაზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს.

პროგრამა, სახელწოდებით “Parole in Place,” (“ადგილზე გათავისუფლება”) არალეგალი მიგრანტებისთვის, რომლებიც მის პირობებს აკმაყოფილებენ, დეპორტაციისგან დაცვასა და სამუშაო ნებართვას მოიცავს. ამასთან, ის შეერთებულ შტატებში არალეგალურად შესულ პირებს საშუალებას მისცემს, მწვანე ბარათი (ბინადრის ნებართვის ანალოგი) ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ.

ბაიდენის ადმინისტრაცია, ასევე, მუშაობს სხვა ინიციატივაზე, რომელიც არალეგალ მიგრანტებს, მათ შორის, აშშ-ში არალეგალურად შესულ ბავშვებს, ე.წ. DREAMers-ებს დროებითი ვიზების მიღების პროცესს გაუადვილებს. მათთვის, ასევე, გამარტივდება H1-B-ის სამუშაო ვიზების მიღება, რომლებიც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე გაიცემა.

ეს ზომები შესაძლოა, სამშაბათს, 18 ივნისს გამოცხადდეს, თუმცა წყარო აცხადებს, რომ მათზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

CBS News-ის შეფასებით, Parole in Place არალეგალი მიგრანტების დასახმარებლად ყველაზე დიდი პროგრამა იქნება DACA-ს (Deferred Action for Childhood Arrivals) შემდეგ, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ 2012 წელს წამოიწყო. ეს იყო „დროებითი ღონისძიება“ ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები ბავშვების დეპორტაციისგან დასაცავად.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ