რუსეთში ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, პრაქტიკულად, შეჩერებულია, რაც მოსკოვის ბირჟის, ასევე, მისი წევრების, ეროვნული კლირინგ-ცენტრისა და ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია.
EastFruit-ის ცნობით, რუსეთში ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა დროებით პარალიზებულია, ხოლო ფასები გაზრდილია.
რუსეთში ხილ-ბოსტნეულის მთავარ მიმწოდებლებს შორის ისეთი ქვეყნები გამოირჩევიან, როგორიც თურქეთი, ეკვადორი და ეგვიპტეა. ამჟამად ისინი ახალი კონტრაქტების დადებას არ ჩქარობენ, რადგან გაურკვეველ მდგომარეობაში არიან, თუ როგორ მოხდება მიწოდებულ პროდუქციაზე ანგარიშსწორება.
ამასთან, ხილ-ბოსტნეულის სპეციფიკის თანახმად, მისი დიდხანს შენახვა შეუძლებელია და სასწრაფოდ უნდა გაიყიდოს, მაშინ, როცა ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთის ბაზარზე პროდუქციის მნიშვნელოვანი მოცულობა შეაქვთ, ამ უზარმაზარი ბაზრის ალტერნატივის სწრაფად გამონახვა უჭირთ.
EastFruit-ის შეფასებით, იმპორტიორებმა რუსეთის ბაზარზე ხილ-ბოსტნეულის ფასებში ახალი სავალუტო რისკებისა და ტრანზაქციების გარანტირებულად გაზრდილი ხარჯების ასახვა უკვე დაიწყეს. კერძოდ, ბოსტნეულისა და ხილის უმეტეს პროდუქტებზე ფასები, ფაქტობრივად, ერთ დღეში შესამჩნევად გაიზარდა. მითუმეტეს, ამჟამად რუსეთის ბაზარზე, ძირითადად, იმპორტირებული ხილ-ბოსტნეული იყიდება და, შესაბამისად, რუს მომხმარებელს მეტის გადახდა მოუწევს.
ცნობისთვის: რუსეთი, იმის მიუხედავად, რომ მიწის ფართობით ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანაა, ხილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია. ქვეყანა ყოველწლიურად, დაახლოებით, 5 მლრდ დოლარს ხილის, ხოლო 1,5 მლრდ დოლარს ბოსტნეულისა და კარტოფილის იმპორტზე ხარჯავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ