თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საპილოტე პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანი კონკრეტულ ლოკაციებზე დამონტაჟებული დეტექტორების მეშვეობით, სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დადგენაა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საპილოტე პროექტის განხორციელებით, შესაძლებელი იქნება ხმაურის დონის რეგულაციის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა და მათი მფლობელებისთვის შესაბამისი ჯარიმის დაკისრება.
„აღნიშნული დეტექტორები უკვე დამონტაჟებულია ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, წინასწარ განსაზღვრულ ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს საპილოტე პროექტის ტესტირება. ტესტირების წარმატებით დასრულების შემდგომ, შესაძლებელი იქნება ხმაურის დონის რეგულაციის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა და მათი მფლობელებისთვის შესაბამისი ჯარიმის დაკისრებაც. ზოგადად, ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემები. ძალიან წუხს მოსახლეობა სხვადასხვა უბანში, ქუჩაზე, სადაც განსაკუთრებით ღამის საათებში, გადაადგილდებიან ისეთი ავტომობილები, რომლებიც ხელს უშლიან თბილისის მცხოვრებლებს დასვენებასა და განტვირთვაში. საპილოტე პროექტის შედეგების საფუძველზე, ქალაქში განხორციელდება მასშტაბური პროექტი, რაც აღნიშნულ პრობლემას არსებითად გადაწყვეტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.