6%-იან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრება - მინისტრი

დღევანდელი შეფასებიდან და გადმოსახედიდან, 6%-იან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდგომ დასავლეთიდან, მათ შორის ფინანსური დახმარების შეჩერებისა და უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის რისკებს თუ ხედავს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ მედიასთან აღნიშნა, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოსთვის 6%-იანი ეკონომიკური ზრდა არის პროგნოზირებული.

„რაც შეეხება შეკითხვას რისკებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ გარკვეულწილად ანალიზი გავაკეთოთ, რა მოლოდინები შეიძლება იყოს, მას სჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია, თუ რა ფორმით, რა მასშტაბით და როგორ იქნება, თუ ასეთი ტიპის შეზღუდვები საერთოდ დაწესდა. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის, ის წარდგენილი ვარიანტი, რომელიც გულისხმობს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას, 6%-იანი ეკონომიკური ზრდა არის პროგნოზირებული, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნისთვის. დღევანდელი შეფასებიდან და გადმოსახედიდან ამ 6%-იან ეკონომიკურ ზრდას საქართველოში არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ბუნებრივია, მას შემდეგ რაც თუ რაიმე სხვა, ახალი ინფორმაცია გვექნება ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამის ანალიზსაც გავაკეთებთ და თითოეული მოსალოდნელი ცვლილების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით. თუმცა, ამ ეტაპზე, დღეს არსებული მდგომარეობით, არსებული ინფორმაციით, 6%-იან ეკონომიკურ ზრდას საფრთხე არ ემუქრება“,-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად განაახლა და წარდგენილია საქართველოს პარლამენტში.

„პროგნოზი განახლებულია 5,2%-დან 6%-მდე, ეს არის ოფიციალური განახლება, თუმცა პირველი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირებულია 9%-ის ოდენობით, უფრო მაღალი, ვიდრე ეს თუნდაც ჩვენ პროგნოზშია. თუმცა, იცით, რომ პროგნოზებს ტრადიციულად გარკვეული პერიოდულობით ვაახლებთ, როდესაც ამის საჭიროება დგება. შესაბამისად, შესაძლოა, მოლოდინი არის და ჩვენც გვაქვს მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოში 6%-ზე მაღალი იქნება, თუმცა ამას შესაბამისი პროცედურით დადასტურება სჭირდება. ამიტომ, ამ ეტაპისთვის, ანალიზი რაც გავაკეთეთ არის ის, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განვაახლეთ 5,2%-დან 6%-მდე და ეს წარდგენილია პარლამენტში. მოლოდინი არის, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში, იმ ანალიზის საფუძველზე, რაც გაკეთდა ფინანსთა სამინისტროში, შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის ტემპი იყოს უფრო მაღალი, ვიდრე არის ნავარაუდევი მაჩვენებელი - 6%. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის, ეს მოცემულობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა დაგეგმილთან შედარებით, ბიუჯეტს აძლევს დამატებით 360 მილიონიან რესურსს, თუმცა იმ პროგნოზებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს ნავარაუდევია, რომ მთლიანი ნაერთი ბიუჯეტის დამატებითი რესურსი შესაძლებელია იყოს დაახლოებით 600 მილიონი ლარი, საიდანაც 550 მილიონი ლარი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსი, ხოლო ადგილობრივის ნაწილში 50 მილიონი“,-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.