საქართველო აფხაზეთიანად რუსების უცხოურ დაჯავშნებში ამ ზაფხულსაც ლიდერობს

რუსების მიერ საქათველოში განსახლების ობიექტების ივლისის დაჯავშნები, 2023 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით, 69%-ით გაიზარდა. ამის შესახებ დაჯავშნის ონლაინ სერვის “ოსტროვოკის” ანგარიშში წერია, რომელმაც რუსეთში Booking.com ჩაანაცვლა.

რუსების მიერ საზღვარგარეთ სასტუმროებისა და აპარტამენტების ივლისის ჯავშნებში საქართველო მესამე ადგილზეა.

კერძოდ, დსთ-პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსების ჯავშნების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა:

  • უზბეკეთში - ორჯერ
  • ბელარუსში - 94%-ით
  • საქართველოში - 69%-ით
  • ყაზახეთში - 60%-ით
  • ყირგიზეთში - 33%-ით

რეიტინგში, როგორც წესი, “ოსტროვოკი” ცალკე ასახელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის მონაცემებს, რომელიც დსთ-პოსტსაბჭოთა სივრცის პირველ ხუთეულს მოსდევს. 2023 წლის ივლისთან შედარებით, წლევანდელი ივლისის დაჯავშნებში აფხაზეთის წილი გაორმაგდა და შარშანდელი 9%-დან 20%-მდე გაიზარდა. მთლიანობაში, სერვისის მონაცემებით, აფხაზეთში განსახლების ობიექტებში დაჯავშნების რაოდენობა ერთ წელიწადში, თითქმის, ოთხჯერ გაიზარდა.

ზოგადად, რუსების მიერ საზღვარგარეთ სასტუმროებისა და აპარტამენტების ჯავშნების რაოდენობა, 2023 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით, წლევანდელი ივლისისთვის 72%-ით გაიზარდა. უცხოური მიმართულებების წილი მთლიანი ჯავშნების სტრუქტურაში კვლავ მცირეა, თუმცა 2023 წლის 8%-დან წელს 12%-მდე მაინც გაიზარდა.

საზღვარგარეთის მიმართულებებში რუსების ძირითადი მოთხოვნა დსთ-სა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე ფიქსირდება, რომლის წილიც უცხოურ ჯავშნებში, თითქმის ნახევარს, 46%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, მიმდინარე წლის ივლისის მთლიან ჯავშნებში მათი წილი 14%-ია, რაც, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 25%-იან მაჩვენებელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია. ამის მიუხედავად, რუსების მხრიდან დაჯავშნები საბერძნეთში 90%-ით, ხოლო გერმანიაში 57%-ით გაიზარდა.

ასევე, კლება დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებში, სადაც ივლისის ჯავშნები შარშანდელზე 3%-ით შემცირდა და მთლიან რაოდენობიაში 10%-მდე შეადგინა. აზიის ქვეყნების წილი, პირიქით, 6%-დან 9%-მდე გაიზარდა.

მთლიანობაში, რუსებისთვის ივლისის ყველაზე პოპულარული მიმართულებების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • ბელარუსი
  • აფხაზეთი (საქართველო)
  • თურქეთი
  • საქართველო
  • იტალია
  • ტაილანდი
  • სომხეთი
  • საფრანგეთი
  • ესპანეთი
  • ყაზახეთი

“ოსტროვოკმა” კვლევა ივნისში ჩაატარა.

ცნობისთვის: რუსულმა “ოსტროვოკმა” გლობალური ონლაინ სერვის Booking.com აფხაზეთშიც ჩაანაცვლა და თავის ვებგვერდს აფხაზეთისთვის ფიზიკური პირის რეგისტრაციის ველი დაამატა. თავად Booking.com-მა აფხაზეთში თავისი საქმიანობა 2023 წლის 23 დეკემბრიდან მთლიანად შეწყვიტა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ