რუსეთში 1-ლი ივლისიდან ძლიერ ალკოჰოლზე მინიმალური საცალო ფასები იზრდება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ბრძანებულებაში წერია. დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, 0,5 ლიტრი არყის ფასი 281-დან 299 რუბლამდე (3,10-დან 3,30 დოლარამდე), კონიაკი 517-დან 556 რუბლამდე (5,75-დან 6,20 დოლარამდე), ბრენდი კი 375-დან 403 რუბლამდე (4,20-დან 4.50 დოლარამდე) იზრდება. დოკუმენტში, ასევე, მოცემულია რომის მინიმალური საცალო ფასი, რომელიც ივლისიდან 0,5 ლიტრზე 403 რუბლს (4.50 დოლარს) შეადგენს.
ფინანსთა სამინისტრო ასევე, ძლიერი ალკოჰოლის მწარმოებლებისთვის სარეალიზაციო და საბითუმო მინიმალურ ფასებს ზრდის. არყის მინიმალური გასაყიდი ფასი 1-ლი ივლისიდან 229-დან 246 რუბლამდე (2,57-დან 2,76 დოლარამდე), საბითუმო ფასი 238-დან 256 რუბლამდე (2.64-დან 2.84 დოლარამდე) გაიზრდება. ბრენდის გასაყიდი ფასი 289-დან 311 რუბლამდე (3.23-დან 3.48 დოლარამდე), საბითუმო ფასი კი 304-დან 327 რუბლამდე (3.40-დან 3.66 დოლარამდე) ძვირდება. რაც შეეხება კონიაკს, მისი გასაყიდი ფასი 397-დან 427 რუბლამდე (4.45-დან 4.80 დოლარამდე), საბითუმო ფასი კი 419-დან 450 რუბლამდე (4.70-დან 5.05 დოლარამდე) იზრდება.
ფასების ინდექსაცია უწყებამ ინფლაციის დონით, წარმოების ხარჯისა და ძლიერ ალკოჰოლზე აქციზის ზრდით ახსნა. მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აქციზის გადასახადი ცხრა გრადუსზე მეტი სიძლიერის ალკოჰოლზე 613-დან 643 რუბლამდე (6.87-დან 7.20 დოლარამდე) გაიზარდა. ფინანსთა სამინისტრომ ძლიერ ალკოჰოლზე მინიმალური ფასების ზრდა, ასევე, გარე შეზღუდვების გავლენას, იმპორტირებული კომპონენტების, სახარჯი მასალების, აღჭურვილობის ღირებულებისა და დოლარი/რუბლის კურსის ზრდას დააბრალა.
უწყებამ ალკოჰოლზე მინიმალური ფასები, ჩრდილოვან წარმოებასთან ბრძოლის ფარგლებში, 2009 წლიდან შემოიღო.
ცნობისთვის: Rosalkogoltabakcontrol-ის მონაცემებით, საქართველო, სომხეთთან ერთად, რუსეთში კონიაკის ძირითადი მიმწოდებელია და საფრანგეთსა და ესპანეთს უსწრებს. კერძოდ, 2023 წელს რუსეთში კონიაკის მთლიან მიწოდებაში სომხეთის წილმა - 61,7%, საქართველოს კი 22,5% შეადგინა, მაშინ, როცა ამ სასმელის იმპორტში საფრანგეთის წილი 7,4%, ხოლო ესპანეთის - 2,8% იყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ