აფხაზეთში მომავალ წელს ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდება

აფხაზეთში 2025 წელს ციტრუსის შესყიდვის, დახარისხებისა და გადამუშავების საწარმო ამოქმედდება, რომელიც წვენებს, ლიმონათსა და ცუკატს (დაშაქრულ ხილს) აწარმოებს. ამის შესახებ აფხაზეთის ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრ ქრისტინა ოზგანმა განაცხადა, რასაც TASS ავრცელებს.

„თუ ბოლო ათი წლის განმავლობაში ინვესტიციები, ძირითადად, ტურიზმის სექტორის გაფართოებაზე იყო მიმართული, ახლა საინვესტიციო აქტივობა ისეთ სფეროებში იზრდება, როგორიც გადამამუშავებელი მრეწველობა და სოფლის მეურნეობაა,“ - აცხადებს ოზგანი.

მისი ცნობით, ციტრუსის შესყიდვის, დახარისხებისა და გადამუშავების ქარხანა 2025 წლის პირველ კვარტალში ამოქმედდება, რომელიც წვენების, ლიმონათისა და ცუკატის გარდა, ჯემებსა და კანფეტებსაც აწარმოებს. თუმცა პირველ ეტაპზე საწარმოში მხოლოდ ციტრუსის შესყიდვა-გადამუშავება იგეგმება.

ოზგანი ამბობს, რომ აფხაზეთში ციტრუსის ახალი მეურნეობები გაჩნდა, რომლებიც ხილს აქტიურად რგავენ და პარალელურად წარმოებას ავითარებენ.

„ციტრუსი ჩვენთვის ტრადიციული პროდუქტი და საექსპორტო პოზიციაა, რომელიც საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი მთავარი პოზიცია იყო,“ - ამბობს ოზგანი.

მისი ცნობით, აფხაზეთში, ასევე, აქტიურად ვითარდება კენკრის, კერძოდ, მოცვისა და მარწყვის მოყვანა და საექსპორტო კალათა მალე ამ საქონლით შეივსება. აფხაზეთში კენკრის წარმოება თავიდან მცირე ფერმებით დაიწყო, თუმცა ამჟამად ისინი ტერიტორის გაფართოებაზე მუშაობენ.

ამასთან, ოზგანის თქმით, დასრულების სტადიაზეა ღვინის ქარხნის მშენებლობის საინვესტიციო პროექტი აღმოსავლეთ აფხაზეთში, რომელიც წელს ამოქმედდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ