დონალდ ტრამპი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ამერიკელი მილიარდერი, დონალდ ტრამპი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ თავად ტრამპმა ოფიციალურად უკვე განაცხადა. "ქალბატონებო და ბატონებო, მე ოფიციალურად კენჭს ვიყრი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ქვეყანა ძლიერ სახელმწიფოდ ვაქციოთ ისევ", - ასე მიმართა მილიარდერმა ბიზნესმენმა მანჰეტენიდან მოსახლეობას.

დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის სახელით იყრის კენჭს. მილიარდერის გარდა, რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის კიდევ 11 კანდიდატია. ზოგიერთი სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 50 პროცენტი ამბობს, რომ არასოდეს დაუჭერს მხარს ტრამპს.

ტრამპმა, რომელიც მსხვილ სამშენებლო კომპანიას და სასტუმროებისა და კაზინოების მმართველ კომპანიას ფლობს, საარჩევნო კამპანიის დაწყების მიზნით, უკვე დაიქირავა თანამშრომლები და პოლიტიკის ექსპერტები. მან ასევე უკვე გამართა შეხვედრები სხვადასხვა შტატის ადგილობრივ პოლიტიკოსებთან.