ვატო სურგულაძის განცხადებით, ონკოპაციენტების პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება

პარტია „ლელოს“ წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე 3 თვეა თანამდებობას იკავებს და ონკოპაციენტების პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება.

მისივე თქმით, ქვეყანაში ონკოპაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტები კვლავ დეფიციტშია.

„ჯანდაცვის მინისტრი შეიცვალა, რომელიც აღმოჩნდა, რომ არც კომპეტენტური ყოფილა და არც კომუნიკაცია შესძლებია. პრემიერ-მინისტრის პირველი დავალება ახალი ჯანდაცვის მინისტრს მიმართ იყო ის, რომ ონკოპაციენტების პრობლემები მოეგვარებინა. დღეს ზუსტად 3 თვე შესრულდა, რაც მიხეილ სარჯველაძე თანამდებობას იკავებს და ამ დროის განმავლობაში რა გაკეთდა? პრაქტიკულად არაფერი. სამი ახალი მოადგილე დაინიშნა, რომელთა კომპეტენციაში მე ეჭვი ნამდვილად მეპარება და ის მოადგილე არ მოიხსნა, ვისი ბრალეულობაცაა ის, რაც დღესდღეობით ხდება. ონკოლოგიური პაციენტები, ეს არის აბსოლუტურად სხვა თემა. აქ არცერთი დღის დაგვიანება, არაშესაბამისი მედიკამენტის მიწოდება არ შეიძლება. ევროპულ ქვეყნებში, აშშ-ში, ონკოლოგიური დაავადება განაჩენი არ არის, ჩვენთან ისევ განაჩენია, იმიტომ, რომ შემოიტანეს წამლები, რომლებიც შეიძლება ხარისხიანია, მაგრამ ყველასთვის გამოსადეგი არ არის. ის წამალი კი არ უნდა მიაწოდო ადამიანს, რომელიც შენ შემოგაქვს, არამედ ის მედიკამენტი, რომელიც ონკოპაციენტს სჭირდება. ონკოპაციენტების თემა არ უნდა იყოს აქტუალური მხოლოდ 15 ოქტომბერს ან 6 თებერვალს, არამედ ეს ყოველდღიური პროცესია და კამპანიის ხასიათს კი არა, მუდმივ ხასიათს უნდა ატარებდეს”, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.