დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ისტორიულ მატჩს გამართავს დორტმუნდში, „BVB არენაზე“, სადაც თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
გულშემატკივართა ნაწილი გერმანიაში საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად უკვე გაემგზავრა, მოქალაქეების ნაწილი კი ნაკრებს სამშობლოდან უგულშემატკივრებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრების „ევრო 2024“-ზე ასპარეზობის ნახვა მოქალაქეებს მიხეილ მესხის სტადიონზე დამონტაჟებული ეკრანების საშუალებით შეეძლებათ.
ამასთანავე, უკვე მოეწყო შესაბამისი სივრცეები სხვადასხვა სარესტორნო სივრცესა თუ ბარებში. ჯავშნების მიღება ობიექტებმა წინასწარ დაიწყეს და ამ ეტაპისთვის თითქმის ყველა ადგილი დაკავებულია.
„ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას „ორი ტონა“ აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონატის დღევანდელი თამაშისთვის მათ ყველა ფილიალში დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ადგილები სრულად დაჯავშნილია.
„ჩვენთან შესაძლებელია ევროპის ჩემპიონატის ყურება. თუმცა ადგილები სრულად შევსებულია უკვე ერთი კვირაა. ყველა ფილიალში მსგავსი მდგომარეობა გვაქვს“, - ამბობენ „ორ ტონაში“.
ადგილები სრულად შევსებულია HB-შიც. როგორც ობიექტში განგვიცხადეს, თავისუფალი ადგილების არ არსებობის გამო, დღეისთვის ჯავშნების მიღება შეწყვეტილია.
„მაგიდები დაჯავშნილია უკვე სრულად თამაშისთვის, ამ ეტაპზე ჯავშნებს ვეღარ ვიღებთ იმიტომ, რომ ადგილები აღარ არის“, - აღნიშნეს HB-ში.
„ბერნარდი“ BPN-თან აცხადებს, რომ არც ერთი თავისუფალი ადგილი აღარაა დღევანდელი მატჩისთვის. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განგვიცხადეს, ჯავშანს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ვინმე გააუქმებს.
„დღეს უკვე სამწუხაროდ, აღარ არის დაჯავშნა შესაძლებელი, სრულად არის ადგილები შევსებული. ცოტა მოგვიანებით თუ ვინმემ ჯავშანი გააუქმა, შესაძლოა, გამოჩნდეს თავისუფალი ადგილი, სხვა შემთხვევაში წინასწარ დაჯავშნა აღარ არის შესაძლებელი“, - განაცხადა „ბერნარდში“.
ცნობისთვის, 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.