სტიქიამ ხელისუფლება სამშენებლო კანონმდებლობაზე დააფიქრა

სამშენებლო სფეროს კანონმდებლობა შესაძლოა, გადაიხედოს. ამის აუცილებლობა ხელისუფლებამ თბილისის ტრაგედიის შემდეგ გააცნობიერა. გარდა ამისა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ მის სათანადოდ აღსრულებაზეც უნდა იზრუნოს, ვინაიდან არსებული ხარვეზიანი კანონიც კი უგულებელყოფილია.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მშენებლობის და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით არსებული კანონებისა და წესების სრულყოფილების შესწავლა პარლამენტის თავმჯდომარემ კომიტეტებს უკვე დაავალა. პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამის გაკეთება მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილების მიზნით არის აუცილებელი. "დღეს ჩვენს მოქალაქეებს აქვთ კითხვა იმის თაობაზე, როგორ შეიძლება მსგავსი სიტუაციების შედეგად მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანა. სტიქია ისეთი მოვლენაა, რომლის ბოლომდე არც პრევენცია შეიძლება და არც იმის გარანტირება, რომ არასდროს ამა თუ იმ ქალაქს თუ სოფელს არანაირი ზიანი არ მიადგება, მაგრამ ის, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ, რა უნდა გავაკეთოთ უკეთ, რათა ასეთი ტრაგედიები მინიმუმამდე შემცირდეს, ამაზე გვმართებს მსჯელობა",- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, სრულყოფილად უნდა მოახდინონ ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლა, რომ მოსახლეობა ნებისმიერი საფრთხისგან იყოს დაცული. "სათანადო სამინისტროები და უწყებები არიან ჩართული, მაგრამ ჩვენ, პარლამენტს ძალიან სერიოზული როლი გვაკისრია. ხალხმა იმისთვის აგვირჩია, რომ მათ ვემსახუროთ. ჩვენ მიერ მიღებული კანონები, არსებული წესები, მშენებლობის რეჟიმი თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლა წინასწარ და სრულყოფილად უნდა მოხდეს. ამაზე სათანადო კომიტეტი იმუშავებს და უახლოეს ხანებში მოისმენენ მთავრობის ანგარიშებსა და ექსპერტების მოსაზრებებს", - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე და დასძინა, რომ ხალხს უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ უსაფრთხო გარემოში ცხოვრობს.

დეველოპერების საქმიანობის მოსალოდნელ გამკაცრებაზე სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საუბარი ბოლო დროს ხშირად იყო. ერთხანს სამშენებლო რევიზიის შექმნაც გადაწყდა, თუმცა რეალურად თითქმის არც ერთი ინიციატივა არ განხორციელებულა. სპეციალისტების ერთი ნაწილის შეფასებით, მოქმედი რეგულაციები, სანამ ახალი დამტკიცდება, ჯერ კიდევ ძალაშია, თუმცა მშენებლობის პროცესში არსებული ნებართვებისთვის არავის გადაუხედავს. მუდმივად ხდებოდა კანონმდებლობის იგნორირება, რამაც დედაქალაქი სავალალო შედეგამდე მიიყვანა.

"ინვესტორები იძახიან, რომ ხელისუფლება კერძო საკუთრებას ვერ შეეხება. არა მგონია, ამ სექტორს ჩემზე მეტი დამცველი ვინმე ჰყავდეს, მაგრამ აუცილებელ საჭიროებად ვთვლი, მშენებლობის პირობები მკაცრად განისაზღვროს. საჭიროა მშენებელმა სწორად გაიგოს, რის ნებართვა აქვს და რისი - არა. სარეკრეაციო ზონას აქვს თავისი კანონმდებლობა და ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. ადამიანს თუ პარკის მიწა აქვს ნაყიდი, არ ნიშნავს, რომ რაც მოესურვება, ააშენებს. მას კანონმდებლობა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის უფლებას არ აძლევს",- ამბობს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი და დასძენს, რომ მშენებლობა შეიძლება, მაგრამ არა ყველაფრის, მაგალითად, სარეკრეაციო ზონაში შეიძლება მოეწყოს ღია კინო, ლუდის ბარი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და კულტურული დაწესებულება, ამ მხრივ დიდი არჩევანია.

ეს ყველაფერი კანონმდებლობაში გაწერილია, მაგრამ არ სრულდება. "საქმე სპეციალისტმა უნდა გააკეთოს. სანამ ამას საზოგადოება არ მიხვდება, პრობლემა მუდმივად გვექნება. ძველი გეგმა ჯერაც ძალაშია, მაგრამ გვერდზე აქვთ გადადებული და არავინ ითვალისწინებს, ეს არის ჩვენი გასაჭირი",- აცხადებს როსტომაშვილი.

იგი საუბრობს იმაზეც, რომ სახელისუფლო სტრუქტურებში ურბანისტების დეფიციტია, დამოუკიდებელი ურბანისტების აზრი კი მუდმივად იგნორირებული იყო. ასევე პრობლემაა ის, რომ სამშენებლო დარგში მარეგულირებელი ორგანო არ ფუნქციობს. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს მშენებლობის სამინისტრო, ასეთი უწყების გარეშე სახელმწიფო წარმოუდგენელია.

"სამწუხაროდ, როდესაც რაღაც დაინგრევა, დაიწვება და პირისპირ შეეჩეხებიან პრობლემას, სპეციალისტები მაშინღა ახსენდებათ. ბოლო წლებში არცერთი მშენებლობა არ განხორციელებულა ისე, რომ პროფესიონალების აზრი მოესმინათ. გვირაბის თუ რკინიგზის ხაზის გაყვანა ზოგადსაკაცობრიო პროექტია და ურბანისტების გარეშე არ უნდა წყდებოდეს. ამ პროცესში დღეს არც ერთი სპეციალისტი არ მონაწილეობს. რა გეგმა უნდა გაკეთდეს ურბანისტების გარეშე და ვინ უნდა გააკეთოს? პარლამენტი სავსეა სპორტსმენებით და მსახიობებით, მაგრამ არც ერთი სამშენებლო სფეროს სპეციალისტი არ ჰყავთ. ეს არის ქვეყნის პრობლემა. ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, როცა ქობულეთში ტრაგედია დატრიალდა და ბავშვები დაიღუპნენ. ასეა დღესაც, სტიქია მოხდა და ისევ გავახსენდით, მაგრამ სანამ სამწუხარო ფაქტი მოხდებოდა, ჩემი მოსაზრების მოსასმენად არავის მოუმართავს", - აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.

ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ აქვს გარკვეული შენიშვნები, რისი გათვალისწინებაც დარგის განვითარებას წინ მნიშვნელოვნად წასწევს. "კარგია, რომ სამშენებლო კოდექსის პროექტის მიმართ ინტერესები არსებობს. თუმცა, არის რამდენიმე ისეთი საკითხი, რისი მომხრეც პრინციპულად ვერ ვიქნები. კერძოდ, პროექტის მიხედვით, სივრცითი მოწყობის კანონმდებლობა გაერთიანებულია სამშენებლო ნორმებთან, რაც არასწორად მიმაჩნია. კოდექსში მათი ერთად მოქცევა არ არის მიზანშეწონილი", - ამბობს ლადო ვარდოსანიძე.

გარდა ამისა, სერიოზული საკითხია დარგის ინსტიტუციური მოწყობა. ლადო ვარდოსანიძე აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც მშენებლობის სექტორი ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაში შედიოდეს. იგი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი არსებითად უნდა მოეკუთვნოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციებს. "თუმცა, ასე არ ხდება. სამწუხაროდ, ჩვენი დარგი ვერ მოექცა ვერც ერთი ხელისუფლების ინტერესთა ცენტრში, მათ შორის, ახლანდელი მთავრობის. სანამ არ მოხდება ინსტიტუციური მოწყობა და მშენებლობის სექტორი ეკონომიკის სამინისტროდან არ გადავა რომელიმე სხვა უწყების დაქვემდებარებაში, რეგულაციების გამკაცრება ფონს ვერ გაგვიყვანს", - აცხადებს ლადო ვარდოსანიძე.

მეორე მხრივ, მუდმივად ისმის საუბარი იმაზე, რომ დამატებითი რეგულაციები ინვესტორებს აფრთხობს და ქვეყანამ მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნაზედაც უნდა იზრუნოს, თუმცა, ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხები ისედაც შესულია კანონში და თუ მათი იგნორირება ხდება, ეს ხელისუფლების ბრალია. გარდა ამისა, ნებისმიერი მაღალი დონის კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ მან უსაფრთხო და ხარისხიანი პროექტები განახორციელოს.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"