„ამხანაგ კალაძეს მინდა მივმართო - ნებისმიერი ავარიისას უნდა იყოს სათადარიგო სქემები, მათ შორის წყლის გადართვის“

„მე ვაპირებდი ვაკის პარკში დიდ ეკრანზე ფეხბურთის ყურებას, მაგრამ ამხანაგ კალაძეს მინდა მივმართო: წყალი იქნება? თუ ვაკის პარკის ბუჩქნარით უნდა ისარგებლოს იქ მიწვეულმა 20-30 ათასმა ადამიანმა?“ - ასეთი კითხვით მიმართა რადიო „პალიტრასა“ და პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ რომან გოცირიძემ თბილისის მერს, კახა კალაძეს.

ამასთან, „ევროოპტიმისტების“ ლიდერის თქმით, გუშინ პრემიერის გამოსვლის მთავარი თემა იყო ტურიზმი და მასზე დამყარებული იმედები ლარის გამყარებასთან და ქვეყანაში ფულის შემოსვლასთან დაკავშირებით.

„როდესაც ქვეყანა მთელს იმედებს ტურიზმზე ამყარებ და ამასთან, ტურისტებს თბილისში ამ ჯოჯოხეთს აჩვენებ, სირცხვილი არ გაქვს? გუშინ კალაძემ თქვა, წყლის დაწყვეტის მიზეზი ნაციონალების დროს გაკეთებული მილსადენის დაზიანებაა. ამას ამბობს ხელისუფლების წარმომადგებელი, რომელიც 12 წელია ქვეყანას მართავს.

ნებისმიერი ავარიის შემთხვევაში უნდა იყოს სათადარიგო სქემები, მათ შორის წყლის გადართვის. ჩვენთან არაფერი მსგავსი არ არის“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის, როგორც კომპანია "ჯივიპი", განმარტავს, ავარიულად დაზიანებულია სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება.

კომპანიის განმარტებით, დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ გამოიწვია „ჯივიპის“ ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება.

აღნიშნულის შედეგად, მოსახლეობის ნაწილს, წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.

ეკა დარჩიაშვილი