რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი 6 მლრდ დოლარით იზრდება

რუსეთის წლევანდელ ბიუჯეტში დეფიციტის პროგნოზი 1,595 ტრლნ რუბლიდან (მშპ-ის 0,9%) 2,12 ტრლნ რუბლამდე (მშპ-ის 1,1%), ანუ 18,2 მილიარდიდან 24,2 მლრდ დოლარამდე იზრდება.

კანონში ამ ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შესახებ სახელმწიფო სათათბიროს საბიუჯეტო-საგადასახადო კომიტეტმა პარლამენტის ქვედა პალატას რეკომენდაცია გაუწია.

ამასთან, შემოსავლის შეფასება 35,065 ტრლნ რუბლიდან (მშპ-ის 18,3%) 35,062 ტრლნ რუბლამდე (400,9-დან 400,3 მლრდ დოლარამდე) არის შემცირებული.

ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების პროგნოზი 1,821 ტრილიონიდან 1,053 ტრლნ რუბლამდე (20,8-დან 12 მლრდ დოლარამდე) შემცირდა.

მოელიან, რომ ხარჯი კანონით დამტკიცებულ პარამეტრებს, ანუ 36,66 ტრლნ რუბლს (418,8 მლრდ დოლარს) გადააჭარბებს და 37,182 ტრლნ რუბლს (425 მლრდ დოლარს) შეადგენს, რაც მშპ-ის 19,4%-ია.

ცვლილებებით, ასევე, სახელმწიფო შიდა ვალის ზედა ზღვარის 26,637 ტრილიონიდან 26,68 ტრლნ რუბლამდე (304,1-დან 304,9 მლრდ დოლარამდე) გაზრდა, ხოლო საგარეო ლიმიტის 64-დან 63 მლრდ დოლარამდე შემცირება არის გათვალისწინებული.

რუსეთის 2024 წლის ბიუჯეტის ახალი პარამეტრები 191,437 ტრლნ რუბლის (2,186 ტრლნ დოლარის) ოდენობის მშპ-ის პროგნოზს ეფუძნება, რაც მანამდე 179,956 ტრლნ რუბლით (2,056 ტრლნ დოლარით) იყო პროგნოზირებული. პროგნოზში, ასევე, 5,1%-მდე არის გაზრდილი ინფლაციის მაჩვენებელი, მაშინ, როცა მანამდე 4,5%-იანი ზრდა იყო პროგნოზირებული.

ცნობისთვის: ცვლილებები შედის კანონში „2024 წლის ფედერალური ბიუჯეტის შესახებ და 2025 და 2026 წლების დაგეგმვის პერიოდისთვის.“ დოკუმენტი რუსეთის მთავრობის მიერ არის ინიცირებული. სახელმწიფო სათათბირო დოკუმენტს 20 ივნისის სხდომაზე განიხილავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ